BBC-მ ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაცემა Panorama-ს ეპიზოდისთვის, რომელშიც მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა იყო რედაქტირებული, თუმცა უარყო მოთხოვნა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით.
კორპორაციამ განაცხადა, რომ რედაქტირებამ „მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ მოუწოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ“ და განაცხადა, რომ 2024 წლის პროგრამას აღარ აჩვენებს.
“ვეთანხმებით, რომ ჩვენმა რედაქტირებამ უნებლიეთ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვაჩვენებდით გამოსვლის ერთ უწყვეტ მონაკვეთს და არა გამოსვლის სხვადასხვა პუნქტიდან ამონარიდებს და რომ ამან მცდარი შთაბეჭდილება შექმნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირი მოუწოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ“, – ნათქვამია BBC-ის განცხადებაში.
ამასთან, კორპორაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ BBC გულწრფელად ნანობს იმ ხერხის გამო, რომელიც ვიდეოკლიპის რედაქტირებისთვის გაოიყენა, კატეგორიულად არ ეთანხმება ცილისწამების ბრალდების საფუძვლებს.
ამასთან, BBC-ის ადვოკატების განცხადებით, კორპორაციის თავმჯდომარემ, სამირ შაჰმა ცალკე პირადი წერილი გაუგზავნა თეთრ სახლს, რომელშიც პრეზიდენტ ტრამპს განუმარტა, რომ ის და კორპორაცია ბოდიშს უხდიან პრეზიდენტის 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის რედაქტირებისთვის, რომელიც გადაცემაში იყო წარმოდგენილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადვოკატები დაიმუქრნენ, რომ BBC-ს 1 მილიარდი დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით უჩივლებდენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდიდა და კომპენსაციას არ გადაიხდიდა.
მანამდე, გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა BBC-ის შიდა მემორანდუმის დეტალები, რომელშიც ნათქვამია, რომ Panorama-ს დოკუმენტურ ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად იყო დამონტაჟებული, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მან 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა. მომხდარის გამო, BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს.




