BBC-ის მმართველმა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა 9 ნოემბერს თანამდებობა დატოვეს. გადადგომის მიზეზი ბრიტანული მაუწყებლის მიმართ კრიტიკა იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის შესახებ ფილმის მონტაჟის გამო. BBC-ი მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც Daily Telegraph-ში გაჟონა სტანდარტების სფეროში ყოფილი მრჩევლის შიდა ანგარიშმა, რომელშიც ლაპარაკი იყო ისრაელ – ჰამასის ომის, ტრანსგენდერთა საკითხების და ტრამპის გამოსვლის გაშუქების ხარვეზებზე.
თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ მაუწყებელს „პროპაგანდისტულ მანქანა“ უწოდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისმა მთავარმა დოკუმენტურმა პროგრამამ Panorama-მ, ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა, რათა ისე გამოჩენილიყო, რომ ის 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობებს აქეზებდა.
ტიმ დეივიმ, რომელიც ბრიტანეთის მაუწყებლობის კორპორაციას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მან მიიღო „ ფიქრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ინტენსიურ პირად და პროფესიულ მოთხოვნებს ამ არამშვიდ პერიოდში ამ თანამდებობაზე ყოფნისას“.
თანამდებობა დატოვა ასევე BBC News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმაც.
პანორამის მიერ გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმში, რაც იყო მაუწყებლის მიმართ კრიტიკის მიზეზი, ნაჩვენებ კადრებზე ტრამპი ეუბნება თავის მომხრეებს “ჩვენ მივალთ კაპიტოლიუმთან“ და “ისინი მთელი ძალით იბრძოლებენ“. მეორე ფრაზა ტრამპმა სინამდვილეში წარმოთქვა თავისი სხვა გამოსვლისას. კაპიტოლიუმთან მისვლის შესახებ ფრაზა კი ასე მთავრდებოდა, რომ მივალთ და „მხარს დავუჭერთ ჩვენ მამაც სენატორებს, კონგრესმენ კაცებს და ქალებს“.
ტრამპის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა BBC-ის უწოდა „100%-იანი ყალბი ახალი ამბები”. ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ლიზა ნენდიმ მადლობა გადაუხადა დეივის გაწეული სამუშაოსთვის და თქვა, რომ მან მაუწყებელს მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში უხელმძღვანელა.
დეივის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება „მთლიანად ჩემი გადაწყვეტილი“ იყო და ის თანამდებობაზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება, სანამ შემცვლელი არ მოიძებნება.
ფორუმი




