BBC-ის უჩივიან BBC-–თან – პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პროცედურებში გაერკვია
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას უახლოეს დღეებში მიმართავენ. შესაბამისი განცხადება “ოცნების” ლიდერმა ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ საჩივარი უკვე მოამზადა.
“მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი – თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებშიც… მარტივია რასაც ვითხოვთ, მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ”, – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მალევე მმართველმა პარტიამ თქვა, რომ BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ, მოგვიანებით, კობახიძემ თქვა, რომ სარჩელს ჯერ ბრიტანულ მარეგულირებელში შეიტანენ.




