,,BBC- ის გამოძიების შინაარსი შეძლებისდაგვარად მარტივად – რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ რეჟიმმა ვერ მოგვატყუოს“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,BBC- ის გამოძიების შინაარსი შეძლებისდაგვარად მარტივად
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ რეჟიმმა ვერ მოგვატყუოს
BBC-ის მთავარი მტკიცებულება საიდუმლო დოკუმენტია, რომელიც საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა. ეს დოკუმენტი არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სიის ასლი. ის ნამდვილია. ნუსხაა, სადაც ჩამოწერილია აქციების დასაშლელად საჭირო აღჭურვილობა. დათარიღებულია 2019 წლით.
ამ ჩამონათვალში ყურადღება მიიქცია ორმა ქიმიურმა კოდმა. სახელები არ ეწერა, მხოლოდ კოდებია. მითითებული იყო ინსტრუქციასთან ერთად. ესენია :
1. UN 3439
2. UN 1710
დავიწყოთ UN 1710-ით. მისი ამოცნობა ადვილია – ტრიქლორეთილენი. მას იყენებენ ქიმიკატების წყალში გასახსნელად.
აი, ყველაზე საინტერესო იწყება მეორე კოდის UN 3439-ის შემთხვევაში. ძიების სირთულე წარმოშვა ის ფაქტმა, რომ ამ კოდის ქვეშ გაერთიანებულია ქიმიკატების მთელი სპექტრი. ბევრი სხვადასხვა ნივთიერებაა თავმოყრილი ამ კოდის ქვეშ, მაგრამ უკლებლივ ყველა ის ნივთიერება, რომელიც შედის UN 3439-ის სპექტრში, საშიშია.
შესაბამისად, გამოიკვეთა ამოცანაც – გავიგოთ, UN 3439-ის სპექტრიდან კონკრეტულად რომელი ნივთიერება შეურიეს წყლის ჭავლს.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ დოკუმენტში ნახსენები ამ ორი უსახელო ქიმიური კოდის ქვეშ ნაგულისხმები ნივთიერებები ნამდვილად ისაა, რომელიც წყლის ჭავლში ჩაამატეს. BBC-მ რეჟიმის სისტემის შიგნიდანაც მიიღო დადასტურება.
საგამოძიებო ჯგუფმა საკითხი კიდევ უფრო დაავიწროვა და დაადგინა, რომ UN 3439-ის სპექტრში გაერთიანებული ნივთიერებებიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელიც ოდესმე სადმე გამოუყენებიათ არეულობის კონტროლისთვის. ესაა ბრომბენზილციანიდი. ის მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს. ფრანგებმა მას ,,კამიტი” უწოდეს.
,,კამიტი” ხმარებიდან 30-იან წლებში ამოიღეს, რადგან მის გამოყენებას ძლიერი და ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ UN 3439-ის ჯგუფიდან შორეულ წარსულში მხოლოდ ,,კამიტს” იყენებდნენ არეულობის კონტროლისთვის. BBC მივიდა დასკვნამდე, რომ სავარაუდოდ სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენა ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის მიიჩნევა ქიმიურ იარაღად – მისი გამოყენება დაუშვებელია, რადგან იწვევს ხანგრძლივ მძიმე შედეგს. მიზანი ნათელია – ივანიშვილს სურდა, ხალხი ისეთ მდგომარეობაში ჩაეგდო, პროტესტი ვერ გაეგრძელებინა, ესე იგი, მიეყვანა ისეთ ფიზიკურ მდგომარეობამდე, რომ ჩამოსცილებოდა აქციებს.
რა უნდა ექნა ინფორმაციის მოპოვების შემდეგ BBC—ის საგამოძიებო ჯგუფს ? ცხადია, წავიდა და შეხვდა წამყვან სპეციალისტს (კრისტოფერ ჰოლშტეგე). ჰოლშტეგეს დასკვნით, წარმოდგენილი მტკიცებულებები, კვლევები, კლინიკური დასკვნები და ჩვენებები მიუთითებს, რომ აქციების დასარბევად სავარაუდოდ ბრომბენზილციანიდი („კამიტი“)გამოიყენეს.
კიდევ ერთი საკითხი. სრული სიგიჟეა, რასაც პროპაგანდა აკეთებს კონსტანტინე ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. მას არანაირი შეხება არა აქვს BBC—ის დასკვნასთან კონკრეტულ ნივთიერებასთან დაკავშირებით. ის უბრალოდ ბიბისის რესპონდენტი იყო, რადგან ჩატარებული აქვს კვლევა დარბევის შემდეგ. ოღონდ ეს კვლევა ეხება არა ,,კამიტს”, არამედ სიმპტომებს, რომელიც ხანგრძლივად ჰქონდათ დემონსტრანტებს წყლის ჭავლის გამოყენების მერე. რა შუაშია კონსტანტინე ჩახუნაშვილი ,,კამიტთან” ? საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვს. ნივთიერებასთან დაკავშირებით კვლევა BBC—მ ჩაატარა და არა ჩახუნაშვილმა. მან მხოლოდ სიმპტომები შეისწავლა. სუსმა გამოძიება დაიწყო და ჩახუნაშვილი დაიბარა. ამიტომ ახლა მასთან იმდენად სიგიჟე შეკითხვებს ავალებენ პროპაგანდისტულ არხებს, ყოველგვარ აბსურდს მიღმაა. ქართული ოცნება თავისი უვიცი და იდიოტი ,,ჟურნალისტების” გამოყენებით, რომლებიც ვერც ხვდებიან, რა თემაზე საუბრობენ, გარტყმაშიც კი არ არიან, ისე იმეორებენ დავალებულ შეკითხვებს, პასუხს სთხოვენ ჩახუნაშვილს იმაზე, რაც საერთოდ არ გამოუკვლევია. მე რომ გამოვიძიო რამე და თქვენ მოგთხოვონ პასუხი, ზუსტად ესაა. მაგრამ ,,ჟურნალისტების” უვიცობა იქით იყოს. ამ თითიყურების შეკითხვების მიღმა რეჟიმი მარტივ მიზანს ამჟღავნებს – საქმე აღძრეს „მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლით. რეჟიმის ამოცანაა ისე გამოიყვანონ, თითქოს ჩახუნაშვილის კვლევა დაედო საფუძვლად ბიბისის გამოძიებას, რაც ვერ მოხდება, რადგან ასე არ არის. BBC თავად ამბობს, რომ ჩახუნაშვილის კვლევით ნივთიერება ვერ დადგინდებოდა. ქართულ ოცნებას სურს, თქვას, რომ BBC ჩახუნაშვილს დაეყრდნო, როცა დაასკვნა ,,კამიტის” შესაძლო გამოყენება. არ გამოვა ეს ამბავი.
ქართულ ოცნებას განზრახვა არ დაუმალავს. პირდაპირ თქვა : ,,ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში.”
მოკლედ, ჩახუნაშვილთან დაკავშირებით პროპაგანდისტული ხაზი სრული აბსურდია. ,,კამიტთან” დაკავშირებით დასკვნა BBC—ის ეკუთვნის და არა ჩახუნაშვილს.
ქართული ოცნების ტყუილები
მნიშვნელოვანია, როგორ აიბლანდა ქართული ოცნება თავისსავე ტყუილებში. თავდაპირველად სახეწაშლილებმა დაიწყეს ღლიცინი პირველი მსოფლიო ომის გარშემო. ,,ატკაზზე” წავიდნენ, რა სისულელეაო. უცებ ტაქტიკა შეცვალეს და გომელაური გამოაგორეს, რომელიც შარშანდელი სასტიკი დარბევების დროს შინაგან საქმეთა ,,მინისტრი” იყო. გომელაურის სახელით კომენტარის გავრცელებას თავისი მიზეზი აქვს. ჯერ მოვიყვანოთ გომელაურის ტექსტი :
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ -ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია”.
შეიძლება, ითქვას, ეს იყო ქართული ოცნების ყველაზე დიდი შეცდომა ამ ამბავში. თავისი პირით დაადასტურეს, რომ ეს ნივთიერებები მართლაც ჰქონდათ.
ახლა გეტყვით, რატომ შეცდნენ, როცა გომელაურის სახელით ეს კომენტარი გაავრცელეს და რატომ ახსენებს გომელაური 2009 წელს. BBC-ის ფილმში ინტერვიუა ჩაწერილი ყოფილ მაღლჩინოსანთან – გდდ-ის შეიარაღების სამსახურის ყოფილ უფროსთან (2022 წლამდე), რომელმაც თქვა, რომ ამ ქიმიური ნივთიერების შემოწმება მას ჯერ კიდევ 2009 წელს დაავალეს. მან შეამოწმა და არ გასცა რეკომენდაცია მის გამოყენებაზე. რადგან ფილმში 2009 წელი იყო ნახსენები, იფიქრეს, რომ წინა ხელისუფლებას დააბრალებდნენ. ამაზე მიუთითებს გომელაურის ეს ფრაზაც – ,,მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!”. წარმოიდგინეთ, რა სისულელე მოუვიდათ – თავისი პირით თქვეს, რომ დიქტატორ ივანიშვილს ქიმიური იარაღი აქვს, BBC-ის გამოძიებით კი დასტურდება, რომ ის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს. ნახევარი საქმე გომელაური კომენტარმა გააკეთა, მეორე ნახევარი კი ბიბისის გამოძიებამ.
როგორი ამბავია – რეჟიმმა აღიარა, ქიმიური იარაღი მაქვსო, თან მისი გამოყენებაც დასტურდება. ივანიშვილმა თავისივე საბრალდებო დასკვნა თავადვე სრულყო, როცა პოლიტიკური მოუსავლეთიდან გომელაური გამოიხმო.
ცხადია, ამ ამბავს (2009 წელზე ჩაჭიდებას) გამოსწორება სჭირდებოდა და ამიტომ გამოიყვანეს შინაგან საქმეთა ,,მინისტრი” გელაძე. მას უნდა გაექარწყლებინა წინა დღის განცხადება, რომელიც გომელაურის სახელით გაავრცელეს. გელაძისა და გომელაურის განცხადებები სრულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აი, რა თქვა მოქმედმა ,,მინისტრმა” :
,,მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში -ს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი. გეტყვით, ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა: 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები. უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის ,,კამიტი”. ანუ – წინა დღით გომელაურმა კიო, მეორე დღეს გელაძემ არაო. არც 2009-შიო და არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროსო.
ესენი ფიქრობენ, რომ ხალხს ჭკუაში მოატყუებენ. UN 3439-ის ქოლგის ქვეშ შედის ბევრი ნივთიერება, მათ შორის ,,კამიტი”. ყველა ნივთიერება, ისევე, როგორც ,,კამიტი”, საშიშია და დაუშვებელია მისი გამოყენება დემონსტრაციების დასარბევად. და თუ ,,კამიტი” არ იყო, ქართულო ოცნებავ, მაშინ გვითხარით, რომელი იყო ამ ჯგუფიდან და ნახავთ, რომ უკეთეს მდგომარეობაში ნამდვილად არ აღმოჩნდებით – ანუ ისეთი რამ გამოიყენეთ, რაც არათუ პირველი მსოფლიო ომიდან 30-იან წლებამდე, არამედ საერთოდ არასდროს არავის გამოუყენებია ? ამას ამბობთ ? ხვდებით, როგორ აიხლართეთ ? მტკიცებულება არსებობს – საიდუმლო დოკუმენტი, რომ UN 3439-ის სპექტრიდანაა რაღაც ნივთიერება გამოყენებული. BBC ამბობს, რომ სავარაუდო ესაა ,,კამიტი”. და თუ ,,კამიტი” არ არის, მაშინ. რა არის ?
ასე რომ, მეგობრებო, ძირითადი საკითხია UN 3439. აქ მარხია ძაღლის თავი. რეჟიმს ამ საკითხში გამოუვალი მდგომარეობა აქვს. ქართული ოცნების პროპაგანდა დაბნეულია, ქართული ოცნების შიგნით კი ალბათ უკვე ბევრი დაფიქრდა, რა მძიმე პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ ამბავს ადრე თუ გვიან.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ UN 3439- ის სპექტრიდან რომელიღაც ნივთიერება გამოიყენეთ, BBC ასკვნის, რომ ეს ,,კამიტია”, რეჟიმის მხრიდან კონკრეტულად ,,კამიტის” უარყოფა არ შველის საქმეს, რადგან მაგ სპექტრიდან ყველა ნივთიერება საშიშია.
ახლა გავიხსენოთ კიდევ ერთი აღიარება. შარშან, 30 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მაშინდელი ,,მინისტრის” ვახტანგ გომელაური მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა : „წყლის ჭავლში შესაძლოა, რაღაც იყო გარეული”. ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რაღაცას ურევდნენ.
– ჩვენ უკვე გვაქვს დარახველიძის აღიარება.
– ბიბისის მიერ მოპოვებული უტყუარი დოკუმენტი.
გომელაური აღიარება.
– გელაძის უარყოფა, რომელიც არათუ რამეს ცვლის, არამედ შესაძლოა, ამძიმებს კიდეც სურათს.
ვიცით, რომ UN 3439- ის სპექტრიდან რაღაც გამოიყენეთ. გვითხარით, რა ნივთიერება იყო – ,,კამიტი”, რომელიც 30-იანი წლებში ამოიღეს ხმარებიდან და დაუშვებელია მისი გამოყენება თუ რამე სხვა, რაც არასდროს არავის გამოუყენებია და თქვენ გააკეთეთ პირველად ?
PS
დიქტატორი ივანიშვილი, რომელმაც ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ეს დასკვნა გამომდინარეობს BBC-ის გამოძიებიდან, რომლის შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის.“