BASSIANI: უწყვეტი პროტესტი ხალხის შეუპოვრობის მანიფესტაციაა — რეპრესიების მიუხედავად, წინააღმდეგობა მაინც გრძელდება

კლუბი BASSIANI საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციებისა და “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სწორედ BASSIANIS ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, ტატო გეთიას ცოლია აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე, რომელიც დღეს პროკურატურამ გაჩხრიკა.
ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინაში პოლიციელები დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მივიდნენ. ის 6 თვის ორსულია და სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდაპირველად პოლიციელებმა მას მოატყუეს, რომ მისი მეზობლები იყვნენ და სთხოვეს გარის გაღება. მას შემდეგ კი, რაც ბაჯელიძე მიხვდა ვინ იყვნენ, ისინი დაემუქრნენ, რომ ჰქონდათ სახლში ძალით შესვლის უფლება და სჯობდა დამორჩილებოდათ. როგორც ბაჯელიძე ამბობს, პოლიციელებს კარი ადვოკატის მისვლამდე იმიტომ გაუღო, რომ ბავშვისთვის დამატებითი სტრესი აერიდებინა თავიდან. სახლში შესვლის შემდეგ პოლიციელებმა მას ტელეფონი წაართვეს, ჩხრეკისას კი ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერი.
ამავე თემაზე: რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა
გარდა ფონდების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებისა და მათი ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელი პირების ჩხრეკისა, BASSIANI მიმოიხილავს იმ რეპრესიულ მექანიზმებს, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მიმართავს.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
“150-ზე მეტი დღე გავიდა, რაც თბილისის ქუჩები უწყვეტმა პროტესტმა და წინააღმდეგობამ მოიცვა, რომელიც არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გაყალბებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, რუსული გავლენის ზრდას და პროტესტის ჩახშობის მიზნით დაწყებულ უპრეცედენტო სადამსჯელო პოლიტიკას მოჰყვა. ქართულმა საზოგადოებამ უსამართლობის არნახული ტალღა გადაიტანა და გაუძლო მას. პასუხად, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მიიღო ათობით რეპრესიული კანონი, რითაც სრულად უარყო ქვეყნის კონსტიტუცია და ბოლომდე გათელა სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტია” – რუსული კანონის კიდევ უფრო მკაცრი ვერსია, რომელიც უცხოური წყაროებით დაფინანსებულ ორგანიზაციებს მტრის იარლიყს აკრავს. ეს კანონპროექტი, “გრანტების კანონთან” ერთად, მკვეთრად ზღუდავს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას.
ალტერნატიული დისკურსის ჩახშობას და საჯარო სივრცის ჰეგემონიზაციას ემსახურება მედიის, მათ შორის ონლაინმედიის შემზღუდველი კანონი, და მისთვის ცენზურის დაწესება. პოლიციური ძალაუფლების ზრდის ფონზე მკაცრად შეიზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ქუჩა, როგორც პოლიტიკური ორგანიზების სივრცე თვალთვალისა და დევნის ეპიცენტრად იქცა. დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა მილიონ ლარს აჭარბებს და მძიმე ტვირთია, ისედაც გაღარიბებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი კეთილდღეობის ფასად აგრძელებენ. ის ფონდები, რომლებიც აქციებზე დაზარალებულ მოქალაქეებს, პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს ეხმარებიან, მუდმივად არიან თავდასხმის მსხვერპლი. პოლიციის მხრიდან ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახლებში ცრუ ბრალდებით შეჭრა და “საბოტაჟის მუხლით” დაწყებული გამოძიება საზოგადოების დაშინებას და სოლიდარობის ჩახშობას ისახავს მიზნად. მათ შორის, დღეს დილით “BASSIANI”-ს დამფუძნებლის ფეხმძიმე მეუღლეზე, მოძრაობა “სირცხვილია”–ს წევრზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ამავე მიზეზით განხორციელებული ტერორი ამ ძალადობრივი პრაქტიკის გაძლიერებაზე მიუთითებს და წინააღმდეგობის დისკრედიტაციის თვალსაჩინო მაგალითია. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები და სასამართლო სისტემის სრული კონტროლი მნიშვნელოვნად არყევს, ისედაც ჩამოშლილ მართლმსაჯულებას და სამართლიანი ს ჩატარების იდეას. პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიციელების და საჯარო მოხელეების კრიტიკის კრიმინალიზება, ისევე როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა კიდევ უფრო ამყარებს ავტორიტარული მმართველობის ლოგიკას. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მექანიზმი კი პირდაპირ მიუთითებს პლურალიზმისა და დემოკრატიის დასასრულზე. ჰომოფობიური და ტრანსფობიური “ანტი-ლგბტქ” კანონმდებლობა საზოგადოებრივი სივრციდან სრულად დევნის ქვიარ ადამიანების ხმას და კრძალავს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. სახელმწიფოს მხრიდან დეჰუმანიზაციისა და მრავალფეროვნების შეუწყნარებლობის მკაფიო განაცხადს წარმოადგენს სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმება, საკანონმდებლო სივრციდან გამქრალი “გენდერის” ცნება და გენდერული თანასწორობის პრინციპი. კულტურისა და განათლების სფეროს დამორჩილების მიზნით გატარებული ინტერვენციები – მათ შორის თეატრებზე დაწესებული დესპოტური პირდაპირი მმართველობის წესი – კრიტიკული სახელოვნებო და აკადემიური დისკურსის წაშლას ისახავს მიზნად. და ბოლოს, კიდევ უფრო გამკაცრებული ისედაც დრაკონული ნარკოპოლიტიკა და ნარკომომხმარებელთა მიმართ შემოღებული „იძულებითი მკურნალობის“ მექანიზმი, სრულად ანგრევს ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის წარსულში წარმართულ ყოველგვარ ბრძოლას. ამასთანავე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ქართველი ხალხის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდეს. ეს სწორედ ის სცენარია, რომელსაც პროპაგანდისტული მანქანა საზოგადოებას თანდათან აჩვევს. იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება და ქართველი ხალხი კვლავ შეძლებს იმ უფლებით სარგებლობას, რომელიც ჩვენს ისტორიული არჩევანს, ევროპული კულტურისა და ღირებულებების მტკიცე ერთგულებას გულისხმობს. დღეს, საქართველო განმათავისუფლებელ გზას გადის, რადგან ისევე, როგორც ავტორიტარიზმი, სამწუხაროდ არც თავისუფლებაა მარადიული და ის კვდება, როგორც კი მისთვის ბრძოლას ვწყვეტთ. საბედნიეროდ, საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი ხალხის შეუპოვრობის ცოცხალი მანიფესტაციაა — გზავნილი, რომ რეპრესიების მიუხედავად, წინააღმდეგობა მაინც, ბოლომდე გრძელდება. სამყარო, სადაც გენოციდები, ომები, ოკუპაცია, ტექნოფეოდალიზმი ოლიგარქიული რეჟიმები და სისტემური ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილია — სამართლიანი ვერ იქნება. მაშინ როდესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ღირსება მუდმივად საფრთხეშია, სოლიდარობა და ერთად დგომა უპირველესია – ის, რაც ერთმანეთის ტკივილს, სიხარულსა და სიმტკიცეს გვაგრძნობინებს და გადარჩენის ძალას გვაპოვნინებს.