კლუბი BASSIANI ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და ძალადობრივ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს, 11 მაისს, ევროპის მარშს მარჯანიშვილის მოედნიდან შეუერთდება.
“საქართველოში განვითარებული მოვლენები, საგარეო ვექტორის ცვლილება, უკანონო დაჭერები, ჩასაფრებები, ფიზიკური თავდასხმები, ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, შანტაჟი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული ღირსების შემლახავი, ფაშისტური და შეურაცხმყოფელი კამპანია ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება, რომელმაც სრულად დაკარგა ლეგიტიმაცია, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, გადასულია დაშინების და ტერორის გზაზე
მიმდინარე დღეების განმავლობაში, რეპრესიული მეთოდების სამიზნე გახდა BASSIANI-ის არაერთი თანამშრომელიც, კლუბის ხანგრძლივი და ერთგული მეგზურები და მეგობრები, რომლებიც ახლა უკანონო პატიმრობაში არიან. პირველ რიგში, მოვითხოვთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი და უკანონოდ დაპატიმრებული თითოეული მოქალაქის გათავისუფლებას.
ჩვენი საზოგადოება არაერთხელ გამხდარა ასეთი ძალადობრივი მეთოდების სამიზნე, და ისტორიას კარგად ახსოვს, რომ ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, მმართველი პოლიტიკური კლასის ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ, და ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხალხის გამარჯვებით სრულდებოდა.
ასე იქნება ახლაც, რადგან ამჯერად, ყველაფერთან ერთად, სასწორზე დგას ჩვენი მომავალი და საზოგადოების სრული უმრავლესობის ისტორიული არჩევანი, რომლის შეცვლაც განიხილვას არ ექვემდებარება – რუსული იმპერიალისტური ზრახვები და მისი აღვირახსნილი მმართველობა საქართველოში მარცხისთვისაა განწირული.
დღეს, 11 მაისს, 19:00 საათზე, BASSIANI უერთდება საყოველთაო საპროტესტო მსვლელობას მარჯანიშვილის მოედნიდან – ევროპის მოედნამდე, და როგორც ყოველთვის, ახლაც, მიგვაჩნია, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში, არც დუმილის, არც უკანდახევის უფლება არ გვაქვს, რადგან დუმილისა და უკანდახევის უკან – მხოლოდ უფსკრულია. არ არსებობს შიში, ტერორი და რეპრესია, რომელსაც მომავლის ხედვითა და იდეით გაერთიანებული გაბრაზებული ხალხის წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლია.
დავიკავებთ ქუჩებს, არამხოლოდ 11 მაისს, არამედ ყოველ მომდევნო დღეს, სრულ გამარჯვებამდე.
დაიკავე ქუჩა შენც!” – წერია განცხადებაში
