BARTA-ს კონკურსი საქართველოში ანგარიშგების კულტურის გაძლიერებასა და ინვესტორთა ნდობის ზრდას უწყობს ხელს – ეკატერინე მიქაბაძე

საქართველოში დაიწყო კონკურსი – BARTA 2025 „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“, რომელიც უკვე მეექვსე წელია კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, BARTA-ს კონკურსის მნიშვნელობა იზრდება, რადგან ის საქართველოში ანგარიშგების კულტურის გაძლიერებასა და ინვესტორთა ნდობის ზრდას უწყობს ხელს.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია საქართველოში ანგარიშგების მაღალი სტანდარტისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად კონკურსი აჩვენებს, რომ ანგარიშგების სტანდარტები მზარდია საქართველოში“, – აღნიშნა მიქაბაძემ.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
„ეს არის მყარი საფუძველი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, რადგან სწორედ მაღალი სტანდარტებით შესრულებული ანგარიშები, იქნება ეს ფინანსური თუ არაფინანსური, წარმოადგენს იმ ინფორმაციას, რომელზეც დაყრდნობით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მიქაბაძის შეფასებით, მაღალი დონის ანგარიშგება და გამჭვირვალობა არა მხოლოდ ფინანსური სისტემის გამყარებას, არამედ ქართულ კომპანიებში ახალი ინვესტიციების მოზიდვასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
BARTA 2025-ის კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირად ითვლება. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 2026 წლის თებერვალში საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე