BAG ინდექსი – ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველოს ბიზნესასოციაციამ BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა დაასრულა და 2025 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს.
ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გასულ კვარტალთან შედარებით 4.6 ქულით გაუმჯობესდა. აღნიშნული უმეტესწილად განპირობებულია მიმდინარე კვარტალში გაზრდილი გაყიდვებით, რომელიც გამოკითხული კომპანიების 54.6%-მა დააფიქსირა.
„ასევე, საგულისხმოა დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ, 2025 წლის მეორე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ხოლო, 2025 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 35% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა წინა კვარტლის მსგავსად, ყველაზე მეტად მშენებლობა/დეველოპერულ სექტორში დაფიქსირდა.
რაც შეეხება მოლოდინებს, მესამე კვარტალში ყველაზე პოზიტიური მოლოდინითაც მშენებლობა/დეველოპერული სექტორი გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ. აღნიშნულ ფაქტორებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ხოლო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობით გამოწვეული პრობლემა 29 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ლარის კურსის სტაბილურობით აიხსნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებში ყველაზე ხშირად ადმინისტრაციული საკითხები დასახელდა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი კომპანიების წილი, რომლებმაც მეორე კვარტალში დაფინანსების მოძიება დაიწყეს. მიმდინარე კვარტალში გაზრდილი გაყიდვები და მომდევნო კვარტლის მოლოდინები გაყიდვების, ასევე, დასაქმების ზრდის მიმართულებით, შეიძლება ჩაითვალოს იმის ინდიკატორად, რომ დამატებითი დაფინანსების მოძიების გზით, ბიზნესი ცდილობს განვითარება/გაფართოების გეგმების რეალიზებას.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნესასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.