B ჰეპატიტზე უფასო ტესტირება უკვე დაწყებულია – კლინიკების ჩამონათვალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოუწოდებს B ჰეპატიტის მქონე პაციენტებსა და რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს, წინასწარი კვლევები დროულად ჩაიტარონ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, სექტემბრიდან მედიკამენტის მიღება დაიწყონ, რომელიც ქვეყანაში სწორედ აღნიშნული თვიდან შემოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან დაიწყო – პაციენტები სერვისს სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.
გთავაზობთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც ტესტირება უკვე მიმდინარეობს:
იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი, ქუთაისი;
ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, გურჯაანი;
„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო“;
„ავერსის კლინიკა“, თბილისი;
„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“, გორი;
„თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“, ქუთაისი;
„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრი“, თბილისი;
„სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის,შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი“, ;
„ნეოლაბი“, თბილისი;
ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, თბილისი;
„რუსთავის მედიცინის სახლი-N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი“.
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ