Axios: ტრამპი და ერდოღანი სტამბოლში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს გეგმავდნენ

გამოცემა Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს რომ, აშშ-ს პრეზიდენტი დონადლ ტრამპი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიმდინარე კვირაში სტამბულში ამერიკულ და ირანულ მხარეებს შორის შეხვედრას გეგმავდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დაგეგმვა ვერ მოხერხდა, რადგან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მიუწვდომელი აღმოჩნდა.

Axios-ის ცნობით, ტრამპსა და ერდოღანს შორის 16 ივნისს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპს სტამბოლში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპი მზად იყო მოლაპარაკებებზე ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გაეგზავნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თურქეთის დედაქალაქში თავადვე ჩასულიყო.

ერდოღანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა მსგავსი წინადადება ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისაც გადასცეს, თუმცა ირანელებმა ხამენეისთან დაკავშირება, რომელიც ამჟამად ისრაელის შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის გამო მიმალვაშია, ვერ შეძლეს.

გამოცემა წერს, რომ რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, ირანულმა მხარემ თურქეთს და აშშ-ს შეატყობინა, რომ ხამენეის თანხმობა ვერ მიიღეს.

ცნობისთვის, ბრიტანული ახალი ამბების ვებგვერდი UK Defence Journal და ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ.

წყაროების ცნობით, ბომბდამშენებს თან ახლავთ თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერები, რომლებსაც ჰაერში ბომბდამშენების საწვავით მომარაგება შეუძლიათ.

ზოგიერთი ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსის მიხედვით, თავდაპირველი დანიშნულების ადგილი აშშ-ს გუამის ტერიტორიის სამხედრო ბაზაა, საიდანაც ბომბდამშენები, სავარაუდოდ, ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიის სამხედრო ბაზაზე განლაგდებიან, რომელიც თეირანიდან 5 000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

წყარო