Axios: ტრამპი განიხილავს ხარგის კუნძულის დაკავებას, რათა ირანს ჰორმუზის სრუტე გაახსნევინოს

Axios საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ -ს პრეზიდენტი განიხილავს ხარგის კუნძულის, საიდანაც ირანის ნავთობის ექსპორტის 90% მოდის, დაკავებას ან ბლოკადაში მოქცევას.
ხარგის კუნძულის დაკავების ოპერაცია, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში მდებარეობს, შეიძლება ამერიკელი სამხედროები პირდაპირ საბრძოლო საფრთხის წინაშე დააყენოს.
ამიტომ, წყაროების თქმით, ასეთი ოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც -ს სამხედრო ძალები დამატებით დაასუსტებენ ირანის შესაძლებლობებს ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ.
“გვჭირდება დაახლოებით ერთი თვე, რომ იერიშებით კიდევ უფრო დავასუსტოთ ირანი, ავიღოთ კუნძული და შემდეგ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციაზე ვიყოთ,” – განუცხადა Axios-ს ერთ-ერთმა წყარომ.
მსგავსი ოპერაცია ბევრად მეტ სამხედროს მოითხოვს. გამოცემის წყაროების მიხედვით, სამი სხვადასხვა საზღვაო ქვეითთა დანაყოფი უკვე მიემართება რეგიონში, თეთრი სახლი და პენტაგონი კი კიდევ უფრო მეტი ჯარის გაგზავნას განიხილავენ.
“მას სურს, რომ ჰორმუზი გაიხსნას. თუ ამისთვის ხარგის კუნძულის დაკავება იქნება საჭირო – ეს მოხდება. თუ სანაპირო ოპერაცია გადაწყვიტა – ესეც მოხდება. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,” უთხრა Axios-ს ერთმა მაღალჩინოსანმა.
მაღალჩინოსნები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირანის ნავთობინდუსტრიისთვის, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მისი დაკავება ირანს დანებებას აიძულებს.
კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ Axios-ს განუცხადა, რომ ასეთმა მისიამ შეიძლება ზედმეტად სარისკო მდგომარეობაში ამერიკელი სამხედროები ჩააყენოს, მაშინ, როცა შედეგი გაურკვეველია.
“თუ კუნძულს დავიკავებთ, ისინი უბრალოდ სხვაგან გადაკეტავენ ნავთობის ნაკადს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ წარმოებას ვაკონტროლებთ,” – თქვა მან.
მისი შეფასებით, უფრო რეალისტურია, რომ კიდევ დაახლოებით ორი კვირის იერიშების შემდეგ აშშ გაგზავნის გამანადგურებელ ხომალდებსა და ავიაციას სრუტეში ტანკერების დასაცავად, რაც შეჭრის საჭიროებას მოხსნის.
ცნობისთვის, ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა 19 მარტს დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენტაგონმა ირანში ომის დაფინანსების მიზნით კონგრესს $200 მილიარდზე მეტი მოსთხოვა, რასთან დაკავშირებითაც ჰეგსეთმა განმარტა, რომ “ცუდი ხალხის დასახოცად ფულია საჭირო”.