Celal Gunes / Anadolu via Getty Images fileგამოცემა Axios-ის ინფორმაციით, პენტაგონი სამხედრო ვარიანტებს განიხილავს ირანისთვის “საბოლოო დარტყმის” მისაყენებლად, რაც შესაძლოა, სახმელეთო ძალების გამოყენებასა და დაბომბვის მასობრივ კამპანიას მოიცავდეს. ამის შესახებ გამოცემა აშშ-ს ორ მაღალჩინოსანსა და ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Axios-თან ინტერვიუში მაღალჩინოსნებმა და წყაროებმა ოთხი შესაძლო სერიოზული “საბოლოო დარტყმის” ვარიანტი განიხილეს, რომელთაგანაც ტრამპმა შესაძლოა, პოტენციური არჩევანი გააკეთოს.
პირველი ვარიანტი გულისხმობს ხარგის კუნძულზე შეჭრას ან მისთვის ბლოკადის მოწყობას, საიდანაც ირანული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხდება.
წყაროების მიხედვით, პენტაგონი ასევე განიხილავს ლარაკის კუნძულზე შეჭრასაც, რაც ირანს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის გამყარებაში ეხმარება. კუნძულზე სტრატეგიული სიმაგრეები მოიცავს ბუნკერებს, მოიერიშე ხომალდებს, რომლებსაც სატვირთო გემების აფეთქება შეუძლიათ, და რადარებს, რომლებიც სრუტეში მოძრაობას თვალყურს ადევნებენ.
Axios-ის ცნობით, მესამე ვარიანტია სრუტის დასავლეთის შესასვლელთან მდებარე აბუ მუსის კუნძულისა და კიდევ ორი მცირე ზომის კუნძულის აღება, რომლებსაც ირანი აკონტროლებს, თუმცა, მათზე პრეტენზიას არაბთა გაერთიანებული საამიროებიც აცხადებს.
მეოთხე ვარიანტი კი ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ მხარეში ექსპორტზე ირანული ნავთობის გადამტანი გემების ბლოკირებას ან მათ დაკავებას მოიცავს.
ამას გარდა, Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიას უკვე მომზადებული აქვს ირანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაციის გეგმები, რომლის მიზანიც ბირთვულ ობიექტებში დამარხული გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდება და ირანიდან გამოტანაა.
თუმცა, მსგავსი სარისკო ოპერაციის ჩატარების ნაცვლად, აშშ-მ შესაძლოა, მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანოს ბირთვულ ობიექტებზე, რათა ირანმა ვეღარასდროს აღიდგინოს გამდიდრებულ ურანზე წვდომა.
Axios წერს, რომ ტრამპს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ირანში პოტენციურ სახმელეთო ოპერაციას “სავარაუდო” უწოდა, თუმცა, გამოცემის წყაროების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტი ესკალაციისთვის მზად არის, თუკი მალე ირანთან მოლაპარაკებები ხელშესახებ შედეგს არ გამოიღებს.
გამოცემის მიხედვით, “საბოლოო დარტყმა” აშშ-მ შესაძლოა ირანის ელექტროსადგურებზე ულტიმატუმის სისრულეში მოყვანითაც დაიწყოს, რის პასუხადაც ირანი რეგიონში ენერგოობიექტებზე იერიშებით დაიმუქრა.