პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან კონსულტაციებით საიდუმლოდ მუშაობს ახალ გეგმაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Axios-ი წერს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, თეთრი სახლი შთაგონებულია ღაზის სექტორის შესახებ ტრამპის გეგმის წარმატებით. Axios-ის წყაროთა მიხედვით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი, 28-პუნქტიანი გეგმა დაყოფილია ოთხ ძირითად კატეგორიად: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები უკრაინასა და რუსეთთან.
რას ითვალისწინებს გეგმა ისეთი სადავო საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯერჯერობით უცნობია.
წყარომ ამერიკული მხრიდან გამოცემას დაუდასტურა, რომ გეგმის შემუშავებას ხელმძღვანელობს პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელსაც აქტიური კონტაქტი აქვს პრეზიდენტ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელ კირილ დმიტრიევთან.
დმიტრიევმა Axios-ს განუცხადა, რომ გეგმის წარმატების შანსს ოპტიმისტურად უყურებს, რადგან გრძნობენ, რომ რუსეთის პოზიცია მართლაც ესმით. დმიტრიევის ინფორმაციით, 24-26 ოქტომბერს მაიამიში უიტკოფთან შეხვედრები ჰქონდა.
როგორც Axios-ი წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა დამოკიდებულება ექნებათ გეგმის მიმართ უკრაინას და მის ევროპელ მოკავშირეებს. ამ კვირაში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გეგმის განსახილველად მაიამიში შეხვდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვს.
გამოცემის უკრაინული წყაროს თანახმად, კიევში იციან, რომ ამერიკელები „რაღაცაზე მუშაობენ“. ამერიკული წყაროს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ევროპელი მოკავშირეებისთვის თავისი გეგმის გაცნობა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ამ დრომდე ვერ მიაღწია პროგრესს უკრაინაში ომის დასასრულებლად, მათ შორის პირადად პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრის შედეგად.
ალასკის შტატში 2025 წლის აგვისტოში გამართული მოლაპარაკების შემდეგ მათი მეორე შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იყო დაგეგმილი, თუმცა ოქტომბერში ტრამპმა ეს შეხვედრა გააუქმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა.
ფორუმი




