Audi-მა ჩინური ბაზრისთვის სავაჭრო მარკა შეიცვალა

კომპანია Audi-მა ჩინეთის ბაზრისთვის განახლებული ბრენდინგი წარადგინა, რომელშიც ცნობილი ოთხი რგოლის ემბლემა აღარ გამოიყენება. ახალი ლოგო თავად კომპანიის სახელია- A U D I. გერმანელ ავტომწარმოებელს იმედი აქვს, რომ „ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილ“ ჩინელ მომხმარებლებს მიიზიდავს, რომლებიც „გაუმჯობესებულ ავტომატიზებულ მართვას ელოდებიან“,- აღნიშნა Audi-ს გენერალურმა დირექტორმა, გერნოტ დელნერმა.
კომპანია A U D I E-ის განახლებულ კონცეფციაზე დაყრდნობით სამ ახალ მოდელს გამოუშვებს, სამივე მათგანი საშუალო და სრულ ზომის ავტომობილები იქნება, რომლებიც 2025 წლის მეორე ნახევრიდან გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ „აუდი“ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან, SAIC Motors-თან თანამშრომლობს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა Advanced Digitized Platform-ი, რომელიც 800-ვოლტიანი არქიტექტურით AUDI E-ის განახლებული კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს.
Reuters-მა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ Audi ჩინეთის ბაზრისთვის ლოგოს განაახლებდა.
ექსპერტების აზრით, პოზიციონირების შეცვლა გაყიდვის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლადაა საჭირო: 2024 წლის პირველ ექვს თვეში ავტომწარმოებელმა ქვეყანაში მხოლოდ 10 000 ელექტრომობილი გაყიდა, მაშინ როცა ჩინური Nio-ს და Zeekr-ის გაყიდვები ორჯერ მეტი იყო.