რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ხომალდი ნოვოჩერკასკის უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაძირვის შემდეგ 33 რუსი მეზღვაური უგზოუკვლოდ დაკარგულია, 25 პირი კი დაჭრილია.
მათივე ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ფეოდოსიის პორტში, სადაც უკრაინელებმა გემი ჩაძირეს, ნაპოვნია Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტის ნარჩენები.
ASTRA აქამდე წერდა, რომ ხომალდის ბორტზე იერიშის დროს 77 მეზღვაური იმყოფებოდა. მათი ბოლო ინფორმაციით, 77 კაციდან 33 უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაშია, დაიჭრა 19 მათგანი. როგორც ASTRA წერს, ზემოხსენებული 23 დაჭრილიდან 4 სამოქალაქო პირია, ხოლო ადამიანი, ვის შესახებაც სიკვდილის ცნობა გავრცელდა, პორტის დარაჯი, 64 წლის ნადეჟდა ტოლშჩინაა.
ანექსირებული ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა, სერგეი აკსიონოვმა აქამდე ცნობა მხოლოდ ერთ დაღუპულ და ოთხ დაჭრილ მოქალაქეზე გაავრცელა.
ცნობა, რომ იერიშის დროს ბორტზე მეზღვაურები იმყოფებოდნენ, გაავრცელა გამოცემა Агентство-მაც.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშის შედეგად ფეოდოსიის პორტში განთავსებული სადესანტო ხომალდი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმაც დაადასტურა.
ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებსა და ყველას, ვინც იერიშში მონაწილეობდა.
ფეოდოსიის პორტში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. გაჩნდა ხანძარი, რის შემდეგაც ისმოდა დეტონაციების ხმები.
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ძლიერი აფეთქება.
სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხომალდი დატვირთული იყო ირანული კამიკაძე დრონებით, რადგან პირველ აფეთქებებს მძლავრი დეტონაცია მოჰყვა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს უპილოტო საფრენი აპარატები ნოვოროსიისკის პორტიდან გადმოჰქონდათ. შესაძლოა გემზე სხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იერიში დაადასტურა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ხომალდმა მხოლოდ დაზიანება მიიღო, თუმცა შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ჩაძირული გემი ჩანდა. ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ჩამოაგდეს ორი უკრაინული მოიერიშე თვითმფრიმავი, საიდანაც რაკეტები გაუშვეს.
შემდეგში მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ნოვოჩერკასკის გარდა ნაწილობრივ ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის სასწავლო ხომალდი УТС-150-იც.