ეს ბრენდი თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც Advanced RISC Machines, თუმცა დღესდღეობით მისი სახელია Arm Holdings. ის არის ბრიტანული, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი ენერგოეფექტური პროცესორის არქიტექტურითა და ე.წ. „უხმო” მიკროჩიპებით. მისი ისტორია გამორჩეულია ინოვაციებით, სტრატეგიული პარტნიორობითა და მნიშვნელოვანი შენაძენებით, რაც მას გლობალურ ლიდერად აქცევს ტექინდუსტრიაში.
პრეისტორია
Arm-ის ისტორია იწყება არა პირდაპირ ამ კომპანიით, არამედ 1978 წელს Acorn Computers-ის დაარსებით, რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ კრის კარი და ჰერმან ჰაუზერი. ინიციატივას საფუძვლად ჰქონდა გაერთიანებული სამეფოს ყველა საკლასო ოთახში კომპიუტერის განთავსება, რის ფარგლებშიც პროფესორმა სტივ ფურბერმა და სოფი უილსონმა შეიმუშავეს პირველი Arm პროცესორი, ARM1.
იგი შექმნილია Acorn კომპიუტერებზე გაშვებული პროგრამების ინსტრუქციების ეფექტურად შესასრულებლად, როგორებიცაა: სიტყვების დამუშავება, ცხრილების გამოთვლები და გრაფიკული რენდერი. ამან საფუძველი ჩაუყარა Arm-ის თანამედროვე პროცესორებს, რომლებიც გამოიყენება ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ბაზრების ფართო სპექტრში.
თუმცა Acorn-მა ფინანსური სირთულეები განიცადა 80-იანი წლების შუა პერიოდში, რის გამოც ის Olivetti Group-მა შეიძინა. ჰაუზერმა დაიკავა Olivetti Group-ის კვლევითი VP-ის როლი, მაგრამ მალევე დატოვა თანამდებობა. იმავდროულად, ფურბერმა და უილსონმა განაგრძეს მუშაობა მომდევნო Arm პროცესორზე, ARM2 ბირთვზე.
Arm-ის დაარსება
Arm-ის ოფიციალური მოგზაურობა დაიწყო 1990 წელს. ეს იყო ერთობლივი საწარმო Acorn Computers-ს, Apple-სა და VLSI Technology-ს შორის. მათი თანამშრომლობა მიზნად ისახავდა Acorn RISC Machine (ARM) პროცესორის განვითარებას, რაშიც Apple-მა 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, ხოლო Acorn-მა 12 საუკეთესო სპეციალისტი გამოყო პროექტისთვის. კომპანიის პირველი მომგებიანი წელი იყო 1993, ხოლო 1994 წლისთვის მან დააარსა ოფისები სილიკონის ველსა და ტოკიოში.
ახალი IP ბიზნესმოდელი
1993 წელს Apple Newton-მა სწორედ Arm არქიტექტურაზე დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა პროდუქტი არ იყო ისეთი წარმატებული. კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს, მოეფიქრებინათ მოდელი, რომელიც ცალკეულ პროდუქტებს კი არ შექმნიდა, არამედ მორგებული იქნებოდა მრავალი განსხვავებული კომპანიისთვის წინასწარი ლიცენზიის საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
სწორედ ეს ნაბიჯი გახდა მიზეზი, რის გამოც Arm-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს სილიკონ ველის წარმომადგენელთან. მანვე ურჩია Nokia-ს, გამოეყენებინა Arm-ის დიზაინი მისი მომავალი GSM მობილური ტელეფონებისთვის, რაც მაშინდელმა ცნობილმა ბრენდმა გაითვალისწინა და Arm-ზე მომუშავე Nokia 6110 GSM მობილურმა ტელეფონმა დიდი წარმატება მოიპოვა. Arm7 პროცესორი კი გახდა ფლაგმანი მობილურ დიზაინში. დღეს მსოფლიოში სმარტფონების 99 პროცენტზე მეტი დაფუძნებულია Arm ტექნოლოგიაზე.
ზრდა
1998 წელს კომპანია გადაკეთდა ARM-ად და განთავსდა ისეთ საფონდო ბირჟებზეც, როგორებიცაა ლონდონის საფონდო ბირჟა და Nasdaq. 1999 წლის თებერვლისთვის შემცირდა Apple-ის წილი, ხოლო რაც შეეხება პროდუქტს, ARM-ის პროცესორის დიზაინი ამ დროისთვის გახდა უფრო ინტეგრალური მობილური მოწყობილობებისთვის, განსაკუთრებით სმარტფონებისთვის.
სტრატეგიული შენაძენები
ARM-ის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რამდენიმე სტრატეგიულმა შენაძენმა, რომლებიც ქრონოლოგიურად ასე შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ:
2004: შეიძინა Artisan Components და Axys Design Automation დიზაინის ხელსაწყოების გასაუმჯობესებლად;
2005: შეიძინა KEIL Software, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ხელსაწყოების შემქმნელი მიკროკონტროლერებისთვის;
2014: შეიძინა PolarSSL უსაფრთხოების შეთავაზებების გასაძლიერებლად;
2016: შეიძინა Apical, გამოსახულების და ჩაშენებული კომპიუტერული ხედვის IP პროდუქტების მიმწოდებელი.
მფლობელის შეცვლა
2016 წელს იაპონურმა კონგლომერატმა SoftBank Group-მა შეიძინა ARM 24,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად, თუმცა 2017 წელს 25%-იანი წილი გადასცა თავის Vision Fund-ს.
დღეისათვის ARM-ის პროცესორის არქიტექტურა ყველგან არის გავრცელებული მობილურ მოწყობილობებში, ჩაშენებულ სისტემებში, სერვერებსა და AI აპლიკაციებში. მისი დაბალი სიმძლავრის დიზაინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სმარტფონებისა და IoT მოწყობილობების გავრცელებაში. კომპანიის სტრატეგიულმა შენაძენებმა და პარტნიორობამ კი მისი, როგორც ნახევარგამტარის როლი გააძლიერა მსოფლიოში.
წყარო: “მარკეტერი”
