Apple-მა ირლანდიას 13 მილიარდი ევროს ოდენობის არგადახდილი გადასახადები უნდა გადაუხადოს

Apple-მ წააგო სასამართლო დავა, რომელიც აღნიშნული კომპანიის მიერ ირლანდიისთვის არგადახდილ 13 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადების საკითხზე ევროკომისიის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდებოდა.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (Court of Justice) გააუქმა საერთო იურისდიქციის სასამართლოს (General Court) გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას ვეტო ჰქონდა დადებული.
ევროკომისიის თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, Apple-ს უნდა გადაეხადა 13,1 მილიარდი ევრო გადაუხდელი გადასახადები და პლუს, 1,2 მილიარდი ევრო, პროცენტის სახით, მესამე მხარის მიერ მართულ დამოუკიდებელ ესქროუ (ESCROW) ანგარიშზე.
თუმცა, საერთო იურისდიქციის სასამართლომ ევროკომისიის მიერ 2016 წელს გამოტანილი ეს დასკვნა, თავის დროზე, არ გაიზიარა.
საერთო იურისდიქციის სასამართლოს ასეთი ვერდიქტის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში მართლმსაჯულების სასამართლოს მრჩეველმა გამოსცა არასავალდებულო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საერთო იურისდიქციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არაერთი სამართლებრივი შეცდომა დაუშვა.
აღნიშნულის საფუძველზე, გენერალურმა ადვოკატმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ქვედა ინსტანციაში ხელახალი განხილვისთვის საქმის დაბრუნება შესთავაზა.
დავას საბოლოო წერტილი 10 სექტემბერს დაესვა: ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, საერთო იურიდიქციის სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, როდესაც დაადგინა, რომ ევროკომისიამ, თითქოს, საკმარისად ვერ დაასაბუთა, რომ ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიები, რომლებსაც კომპანია Apple ფლობს, და მასთან დაკავშირებული მოგება, ირლანდიის ფილიალებს უნდა მიკუთვნებოდა.
თავის თავდაპირველ, 2016 წლის გადაწყვეტილებაში ევროკომისიამ ასევე დაადგინა, რომ 1991 და 2007 წლებში Revenue-ის მიერ გამოტანილმა ორმა საგადასახადო რეგულაციამ „მნიშვნელოვნად და ხელოვნურად შეამცირა Apple-ს მიერ ირლანდიაში 1991 წლიდან გადახდილი გადასახადი“.
შესაბამისად, სასამართლოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, Apple-ს დაევალა, რომ ირლანდიას, ამ თანხასთან (13,1 მილიარდი ევრო) ერთად, ასევე 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის პროცენტიც უნდა გადაუხადოს.
აქვე აღსანიშნაცია, რომ ევროკომისიის დასკვნებს, თავის დროზე, არა მარტო Apple, არამედ ირლანდიაც არ დაეთანხმა. მათ განაცხადეს, რომ ირლანდიის სახელმწიფოს ამერიკული კომპანიისთვის არ შეუქმნია რაიმე განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც მთავრობების დახმარების შესახებ ევროკავშირის მიერ დაწესებულ წესებს დაარღვევდა.
ევროკომისიის დასკვნები ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლოში, Apple-სთან ერთად, ირლანდიამაც გაასაჩივრა, სადაც ეს საქმე 2019 წლის სექტემბერში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.
მომდევნო წლის ივლისში საერთო იურისდიქციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის დასკვნების გაუქმების შესახებ.
თუმცა, ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და 2020 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
საქმე გასული წლის მაისში განიხილეს, ნოემბერში კი გენერალური ადვოკატის ზემოთ ნახსენები დასკვნა გამოქვეყნდა…
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილების მიმართ კომპანია Apple-მ იმედგაცროება გამოხატა.
„ევროპის კომისია ცდილობს, შეცვალოს წესები და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ჩვენი შემოსავალი, როგორც ამას საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობა მოითხოვს, შეერთებულ შტატებში უკვე იბეგრება“, – აცხადებენ კომპანიაში.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი