Apple-ის ყოფილმა დიზაინერმა ახალი AI კომპანიონი შექმნა

გარკვეული შთაბეჭდილება რომ შეგექმნათ, დაახლოებით რა დონის პროდუქტზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ Dot-ის დიზაინის ავტორი ჯეისონ იუანია — Apple-ის დიზაინის ჯგუფის ყოფილი წევრი. ხოლო კოდირებაზე დეველოპერების პატარა გუნდთან ერთად სემ უიტმორმა იზრუნა, Kensho-ს ინჟინერიის ყოფილმა ხელმძღვანელმა. სან-ფრანცისკოში New Computer-ის დააარსეს, ახლა კი სწორედ მისი სახელით გვაცნობენ Dot-ს, ახალ AI კომპანიონს.
როგორც გვეუბნებიან, კონკრეტულ კატეგორიაში iOS-ზე ყველაზე მარტივი აპლიკაცია იქნება — შეგიძლიათ გაუგზავნოთ სიტყვები, ხმოვანი მემოები, სურათები, PDF ფაილები და იგი სიამოვნებით მოძებნის თქვენთვის სასურველ საკითხებს ინტერნეტში. აპლიკაცია კომუნიკაციას წერილობითი ტექსტის საფუძველზე გვთავაზობს და იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენს კომპანიონად იქცეს.
თუმცა ჩვენთვის ნაცნობი AI საუბრებისგან განსხვავებით, მას ყოველ ახალ სესიაზე არ „დაავიწყდება“, რას იტყვით, პირიქით, იგი ყველაფერს იმახსოვრებს. როგორც იუანი ამბობს, „თქვენ მიმართავთ Dot-ს, როცა არ გეცოდინებათ, სად წახვიდეთ, რა გააკეთოთ ან თქვათ“. მაგალითად, თუ აპლიკაციას ეტყვით, რომ საჭმელების მომზადება გიყვართ და თქვენი რეცეპტების წიგნის ფოტოებსაც დაამახსოვრებინებთ, შემდეგ ჯერზე თაროებზე წიგნის ძებნა და ფურცვლა კი არ დაგჭირდებათ, უბრალოდ Dot-ს სთხოვთ და წამებში მოგაწვდით რეცეპტს.
ახალი AI ასისტენტი იმაზე მეტია, ვიდრე ბუნებრივი ენის ფაილების მენეჯმენტის სისტემა. ის აანალიზებს, რას ამბობთ და ცდილობს, იყოს პროაქტიული, რათა დაგეხმაროთ თქვენთვის სასურველი შემდგომი ნაბიჯის გადადგმაში. New Computer აქ „საჩუქრებსაც“ გვაცნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ დოტთან საუბარი მხოლოდ ერთი ინტერაქციით კი არ შემოიფარგლება, არამედ გკითხავთ: როგორ ჩაიარა საჭმლის მომზადების პროცესმა? როგორ მოეწონათ სტუმრებს? შესაძლოა, ამ შეტყობინებებით ზოგი შეწუხდეს, მაგრამ ზოგიერთისთვის ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს.
მარტივად რომ ვთქვათ, ახალი AI ასისტენტი თქვენი ყურადღებიანი მეგობრის მსგავსად იქცევა, თუ ეტყვით, რომ მომდევნო კვირებში კორეაში აპირებთ მოგზაურობას, დროთა განმავლობაში იქაურ არქიტექტურაზე ან საკვებ ობიექტებზე შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია. ან თუ ეტყვით, რომ ქორწილს გეგმავთ, ცოტა ხნით ადრე მოგწერთ: „რაიმეს გაკეთება ხომ არ დაგავიწყდათ?“.
მართალია, Dot-ისთვის დიზაინი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ახლა უფრო მეტად არსებული საუბრების დახვეწისკენ აქვთ ყურადღება მიპყრობილი. ამ ეტაპისთვის იუანი ინჟინრებთან ერთად სხვადასხვა ტიპის ლოგიკას ცდის, საუბრობენ Dot-თან, შემდგომ კი ცდილობენ, სიტყვებით გადმოსცენ, რა მიდის სწორად ან არასწორად.
„ChatGPT-ს სურს, მოგაწოდოთ სრული პასუხი ნებისმიერ დროს. მას ასე ავარჯიშებენ. Pi-ს უბრალოდ უნდა, მუდმივად გესაუბროთ შემთხვევით საკითხებზე, ხოლო ჩვენ ვცდილობთ, სადღაც შუაში ვიყოთ“, — განმარტავს იუანი.
ყველაზე დიდი გამოწვევა კი Dot-ისთვის მეხსიერება იყო, ინფორმაციების შენახვა და შემდგომში მათი სწორად გამოყენება. როგორც ამბობენ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი ავლებდა პარალელებს ინტერესებთან და მაგალითად ყველაფერს კულინარიას უკავშირებდა, მაგრამ ახლა დეველოპერები მის დახვეწასა და დაბალანსებაზე მუშაობენ. რადგანაც მუშაობის აქტიური პროცესი კლავ მიდის აპლიკაციაში, Dot App Store-ზე წლის ბოლომდე არ გამოჩნდება, თუმცა New Computer-მა ბეტა ტესტირების ვერსია უკვე საჯარო გახადა.