Apple ახალი M3 ჩიპებით დეველოპერებისა და გეიმერების მიზიდვას ცდილობს

Apple-ის „Scary Fast“ Halloween Eve-ზე ნამდვილად გაჟღერდა ის, რაც Intel-ს, AMD-სა და Qualcomm-ს შეაშინებდა… ახალი M3, M3 Pro და M3 Max ჩიპები. როგორც გავიგეთ, M3 სერია განახლებულ MacBook Pro-სა და 24-დიუმიან iMac-ში იქნება წარმოდგენილი, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა…
M3 ჩიპები პოზიციონირდება, როგორც M1-ის ძირითადი განახლება. ასე რომ, თუ უკვე ფლობთ M2-ს, ალბათ, ამაზე არც უნდა იფიქროთ… M3-ისთვის კი GPU ყველაზე დიდი ნაბიჯია, რომელიც ისეთ ახალ ფუნქციებს უზრუნველყოფს, როგორიც აჩქარებული სხივების მიკვლევაა. ეს იმას გულისხმობს, რომ რეალისტურ განათებას შემოგვთავაზებს და თამაშებში აჩქარებულ გამოსახულებებს უკეთ ასახავს. თანაც M3-ის GPU 1.8-ჯერ სწრაფია M2-ზე, ხოლო M1 „Pro აპლიკაციებზე“ 2.5-ჯერ სწრაფი გახლავთ. იმის გამო, რომ M3-ის GPU-ს შეუძლია, მიაღწიოს M1-ის შესრულების დონეს ენერგიის ნახევრად გამოყენებისას, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ენერგოეფექტურობა აქ უკეთესი იქნება.
M3 აღჭურვილია 8 და 10-ბირთვიანი CPU-ებით, Apple-ის თანახმად კი, 35 პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე M1 და მხარს უჭერს 24GB-იან RAM-ს. ხოლო M3 Max 16 და 40-ბირთვიანი CPU-ებით არის წარმოდგენილი და 128-გეგაბაიტიანი RAM-იც აქვს. ასე იგი M1 Max-ზე 80%-ით სწრაფი ხდება. მეტიც, ორი ProRes ძრავა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოგრაფების მოთხოვნებსაც მარტივად დააკმაყოფილებს.
საინტერესოა ისიც, რომ M3 პირველი კომპიუტერული ჩიპიც გახლავთ, რომელიც 3-ნანომეტრიანი პროცესით შეიქმნა — გამოდის, ენერგოეფექტურიც იქნება და უკეთეს შესრულებასაც უზრუნველყოფს. Apple-ის თანახმად, M3-ის ბირთვებიც 15%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე M2-ის. რაც შეეხება სხვა განახლებებს, კომპანიის თქმით, M3-ის Neural Engine, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ამოცანებს უმკლავდება, M1 ჩიპებზე 60 პროცენტით უფრო სწრაფია. ამასთან, M3 მხარს უჭერს AV1 ვიდეოს დეკოდირებას…
ამგვარად, უკეთესი გრაფიკითა და აჩქარებული სხივების მიკვლევით Apple-ს სურს, დეველოპერებისა და გეიმერებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს…