Amnesty International: საბა სხვიტარიძის საქმე შურისძიებას ჰგავს, მიზანი – აქტივობის დასჯაა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International პროევროპული აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეს განცხადებით ეხემაურება.
ორგანიზაცია საბა სხვიტარიძის დაკავების დეტალებსა და შემდგომში, მის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე წერს და მიუთითებს, რომ საბას – 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ წარდგენილი ბრალდებები კი ეფექტიანად არ არის გამოძიებული.
Amnesty International აღნიშნავს, რომ საბა სხვიტარიძის დაკავება, რომელიც 2024 წლიდან აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ აქციებში, შემდგომში კი მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა აშკარად შურისძიებას ჰგავს, რომელიც მიზნად ისახავს საპროტესტო აქტივობისთვის დასჯას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას, რათა ისინი დააშინოს.
ორგანიზაციის თანახმად, საბა სხვიტარიძის საქმე თავიდანვე შეიცავდა უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან, რაც სისტემურ ტენდენციას ასახავს – კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, Amnesty International აღნიშნავს, რომ მიუხედავად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მხრიდან დასტურისა, რომ საბა სხვიტარიძის დაზიანებები წამებას შეესაბამებოდა, ოფიციალურად 6 თვის შემდეგაც კი არ დაწყებულა გამოძიება მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის ბრალდებაზე.