Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს ქალ დემონსტრანტებზე ძალადობის მზარდ შემთხვევებზე

ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს საქართველოში პოლიციის მხრიდან ქალებზე მოხშირებული ძალადობის შემთხვევების შესახებ, სადაც წერს რომ გენდერული ძალადობას, რომელთა შორის არის სექსუალური ძალადობის მუქარა, დამამცირებელი ჩხრეკა გაშიშვლებით თუ სექსისტური შეურაცხყოფა, სახელმწიფო აქტიური ქალების წინააღმდეგ იარაღად იყენებს.
“პოლიციის სისასტიკის სცენები, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმები საქართველოში შემაშფოთებლად გახშირდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქვეყანაში პროევროპული, ანტისამთავრობო პროტესტის მძლავრი ტალთა დაიწყო.
ქალი მომიტინგეები სახელმწიფო რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთდროულად იქცნენ გამბედაობის სიმბოლოებად და ასევე დამცირებისა და ძალადობის სამიზნეებად როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ასევე არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან” – ნათქვამია ანგარიშში .
” ხელისუფლებას შესაძლოა იმედი ჰქონდა, რომ ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარა, სახლების ჩხრეკა, თვითნებური დაკავებები და დამამცირებელი მოპყრობა ჩხრეკისას მათში წინააღმდეგობის სულისკვეთებას ჩაახშობდა, საპროტესტო სულისკვეთებას ჩაახშობდა და გააჩუმებდა მომიტინგეებს. ამის ნაცვლად ქალები საქართველოში უფრო თამამად აჯანყდნენ, დაგმეს ძალადობა, მოითხოვეს სამართლიანობა და რეპრესიები წინააღმდეგობად და დაუმორჩილებლობად აქციეს” – თქვა ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.
ანგარიშში განხილულია კონკრეტული შემთხვევები, რომელზეც პერიოდულად რადიო თავისუფლებაც გიყვებოდათ. მათგან ერთ-ერთია ნათია ძიძიგურის დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში სექსუალური შევიწროების ამბავი – დემონსტრანტ ქალს ერთ-ერთი პოლიციელი უხამსი ჟესტებით ელაპარაკებოდა დაკავებიდან პოლიციის სამმართველოდან გზაზე მაშინ, როცა ის ხელებშეკრული და მუხლებზე დაყენებული ითხოვდა ნორმალურად დაჯდომის საშუალებას პოლიციელისგან.
ანგარიშში განხილულია პოლიციის იზოლატორებში ქალების გაშიშვლების პრაქტიკაც – ამ დამამცირებელი მოპყრობის განხილვისას ცალკეა გამოყოფილი პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას შემთხვევა, რომელმაც 2025 წლის 28 მარტს დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოდან გამოგზავნილ წერილში ღიად ილაპარაკა იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც მანამდე არაერთ ქალსა და კაც დემონსტრანტსაც ჰქონდა მიღებული წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებისას.
ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის (ქრისტინე ბოტკოველის) სახლის ჩხრეკის შემთხვევაც, რომელიც 2025 წლის 1 თებერვალს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ასევე აიძულეს, სრულად გაშიშვლებულიყო – ამ დღეს მას პანიკური შეტევის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდება ექიმებისგან.
კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ანგარიშშია განხილული, 2025 წლის 13 იანვარს დაკავებული მუცა (ნინო) მახარაძის ამბავია, რომელსაც ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს და არც მის ადგილსამყოფელს უმხელდნენ ახლობლებს და მეგობრებს მანამ, სანამ სრულად არ გააშიშვლეს და ისე არ გაჩხრიკეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ნუცა და მისი ორი მეგობარი ქალი თავდასხმის სამიზნეები გახდნენ 5 მაისსსაც, როდესად საცხოვრებელ სახლთან ჩასაფრებულმა უცნობმა მათ სახეში “ბრილიანტის მწვანე” (ზელიონკა) შეასხა.
ანგარიშის ნაწილია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაც. ანგარიშში მკაფიოდ არის ნათქვამი რომ ის დაკავებისას გახდა ძალადობისა და შეურაცხყოფის სამიზნე, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსისტურ ძალადობას და მუქარას.
“მზია ამაღლობელი უსამართლობის მსხვერპლი გახდა სასამართლოშიც, სადაც მოსამართლემ დასაშვებად არ ცნო მისი დაცვის მხარის მტკიცებულები. ხელისუფლებამ დღემდე არ გამოიძია დემონსტრანტებზე ძალადობის არც ერთი საქმე. არც ერთი პოლიციელისთვის, რომლების წინააღმდეგაც მზია ამაღლობელი ან სხვა ქალები სერიოზულ ბრალდებებს აჟღერებენ, უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ მიმდინარე გამოძიებების პარალელურად” – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ნახსენებია დემონსტრანტი ქალების მიმართ გაუპატიურების მუქარაც – ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გიყვებოდათ.
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მაშინ საკუთარი გამოცდილება ანონიმურობის პირობის დაცვით გაგვიზიარა, სპეცრაზმელების მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ანტისამთავრობო, პროევროპული აქციების დასაწყისშივე გახდა – ამავე დროს დაკავებისას სასტიკად სცემეს და მისი მეგობრები, ვისთან ერთადაც იყო გასული საპროტესტო აქციაზე.
Amnesty International-ის შეფასებით, ქალების წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებს მიზანმიმართული კამპანიის სახე აქვს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის თავზარის დაცემას და დაშინებას, რათა მათ უარი თქვან ისეთი ფუნდამენტური უფლებების გამოყენებაზე, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.
Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს საერთაშორისო ვალდებულებებს და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების მნიშვნელობას.
ფორუმი