Amnesty International: დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მზარდ და ღრმა სურათს

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი “ოცნების” მიერ პროტესტის შემზღუდავი კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, დაკავებების ეს ტალღა ნათლად წარმოაჩენს საქართველოში რეპრესიების ღრმა სურათს.
განცხადებაში კრივოშეევი აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეზღუდვები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ეს დაკავებები ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების მზარდ და ღრმა სურათს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ გარკვეული შეზღუდვები პროტესტებზე საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, ახალი შესწორებები ბევრად სცდება იმას, რაც დასაშვებია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს დისკომფორტი – ეს არ ამართლებს აქციის დაშლას ან დაკავებას, რაც არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობისთვის მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს.
საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მტკიცედ ცდილობს, დააშინოს და დასაჯოს მშვიდობიანი მომიტინგეები. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც მხოლოდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს”, – განაცხადა მან.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის აქციაზე გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 13 ადამიანი: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, თამარ თოთლაძე, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.