Amnesty International აზერბაიჯანში საელჩოებს მოუწოდებს, დაესწრონ AbzasMedia-ს პროცესს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Amnesty International“ მოუწოდა აზერბაიჯანში მოქმედ ყველა საელჩოს, დაესწრონ 13 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესს, რომელიც ეხება „AbzasMedia“-ს თანამშრომლების, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვას საქმეს.
განცხადება გამოქვეყნდა ნარგიზ აბსალამოვას მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ 2024 წლის ნოემბერში წამოიწყო და მიზნად ისახავს ჟურნალისტის გათავისუფლებას და მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების გაუქმებას.
„ნარგიზ აბსალამოვა და მისი კოლეგები „AbzasMedia“-დან 2023 წლის ნოემბრიდან იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გააუქმოს მათ მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი. ასევე, მოვუწოდებთ ბაქოში აკრედიტებულ საელჩოებს, დააკვირდნენ ამ პროცესს და დაესწრონ სასამართლო სხდომას 13 მაისს“, – ნათქვამია „Amnesty International“-ის განცხადებაში.
2023 წლის 20 ნოემბრიდან აზერბაიჯანში დაპატიმრებულია „AbzasMedia“-ს ექვსი თანამშრომელი. 2024 წლის მაისში ამ საქმეს დაემატა კიდევ ერთი დაკავებული – „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი და ეკონომისტი ფარიდ მეჰრალიზადე.
დაპატიმრებულები თავდაპირველად კონტრაბანდაში დაადანაშაულეს, თუმცა 2024 წლის აგვისტოში ბრალდებები გართულდა და დამძიმდა. გამოძიების მტკიცებით, ყველა დაკავებულს ახლა ემუქრება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ ჟურნალისტების დაკავება არის პოლიტიკურად მოტივირებული, და პირდაპირ უკავშირდება მათ პროფესიულ საქმიანობას — კორუფციის გამოძიებას აზერბაიჯანში.
„AbzasMedia“ ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაა ქვეყანაში, რომელიც აშუქებდა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ სქემებს, უძრავი ქონების და საბიუჯეტო ხარჯების საქმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა