Amnesty „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს უფლებადამცველთა შევიწროება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვის განკარგულება და რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზანმიმართულად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი გამოეხმაურა ახალ ამბავს, რომლის თანახმადაც საქართველოს სასამართლომ ხუთ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციას დაავალა, გადასცეს კორუფციასთან ბრძოლის ბიუროს მათ მიერ დაცული ბენეფიციარების სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის მათი საქმიანობისა და გრანტების შესახებ მონაცემები:
„ეს განკარგულება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამკაცრებს ხელისუფლება საქართველოში გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიებს. სასამართლო სისტემა და კორუფციასთან ბრძოლის ბიურო გამოყენებულია იარაღად, რათა მიზანში ამოიღონ და შეავიწროონ ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. იმ ადამიანების დევნა, ვინც სამართლიანობისთვის და კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს, მათ შორის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“, — განაცხადა კრივოშეევმა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოთხოვნა, რომ გადასცენ სენსიტიური ინფორმაცია – მათ შორის ბენეფიციარების სახელები, ფოტოები, საბანკო და ჯანმრთელობის მონაცემები – ზღუდავს ამ ორგანიზაციების დამოუკიდებლობას და ავტონომიას და სახელმწიფოს მათ საქმიანობაზე არათანაბარ კონტროლს ანიჭებს.
„ეს ზიანს აყენებს საქართველოში აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დამცველებს, რომლებიც იცავენ წამების, სექსუალური ძალადობის, კორუფციისა თუ სხვა უფლებადარღვევების მსხვერპლთა ინტერესებს. პირადი ცხოვრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების მიმართ ეს უხეში დარღვევა უნდა შეწყდეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
18 ივნისს, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ უკვე დაიწყო რუსული კანონების აღსრულება.
19 ივნისს, შესაბამისი დადგენილება მიიღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და მედიის განვითარების ფონდმა.
ამ თემაზე:
· მიმოწერები, ფოტო-ვიდეო, ბენეფიციარების ინფორმაცია – რას ითხოვს ანტიკორუფციული 5 ორგანიზაციისგან
· ანტიკორუფციული ბიუროს “მტკიცებულებები” ორგანიზაციების წინააღმდეგ