Amnesty: დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, დაწესდეს ემბარგო საპოლიციო აღჭურვილობაზე

Amnesty International ეხმაურება BBC-ის სიუჟეტს საქართველოზე და შეშფოთებას გამოთქვამს ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოყვა.

ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და ასევე, მოუწოდებს, მოუწოდებს რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს სრული ემბარგო საპოლიციო აღჭურვილობაზე.
“Amnesty International ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, მოწმეების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით, რომელიც BBC-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის უმეტესწილად მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ შესაძლოა დამაზიანებელი და პოტენციურად აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა.

ძალის შესაძლო უკანონო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დოკუმენტურად აღბეჭდეს დაზიანებები, გააანალიზეს სამედიცინო მტკიცებულებები და საჯაროდ ისაუბრეს მომწამლავი ქიმიკატების შესაძლო გამოყენებაზე.

მათ წინააღმდეგ “სახელმწიფოსთვის მტრულ ქმედებებში უცხოური ორგანიზაციის დახმარებაში” ბრალდებები უსაფუძვლოა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს დარღვევების დაფიქსირებისგან ხალხის შეკავებას, ლეგიტიმური აკადემიური თავისუფლებისა და ჟურნალისტური და ადამიანის უფლებების სამუშაოს შეზღუდვას, ისევე როგორც სახელმწიფოს ქმედებების შესწავლის ჩახშობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოწმეების შევიწროება, აკრძალული ქიმიური ნაერთების შესაძლო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს, პასუხი აგებინოს პასუხისმგებელ პირებს, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება და რეპარაციები.

საგამოძიებო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მთავრობის უართან ერთად, განმარტოს, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს არეულობის კონტროლისათვის, ან რა დაამატეს წყლის ჭავლის მანქანებში ქიმიური იარაღების შესახებ საერთაშორისო კონვენციის (CWC) დარღვევით, აჩვენებს, რომ აუცილებელია, ჩატარდეს გაჟღერებული ბრალდებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მთავრობის ქმედებების საერთაშორისო გამოძიება.

Amnesty International გამოდის მოწოდებით, შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატების შესაძლო გამოყენებისა და 2024 წლის აქციების დროს საქართველოს სამართალდამცავთა მიერ ძალის უკანონო გამოყენების სხვა შემთხვევების გამოსაძიებლად. ასევე, მოუწოდებს რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესდეს სრული ემბარგო საპოლიციო აღჭურვილობაზე”- ნათქვამია განცხადებაში.
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებდა – ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებს” შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული “მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების” გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.