AltiHut-ი ახალი სამაშველო ქოხის პროექტზე მუშაობას აჩერებს – ნიკოლოზ ალავიძე მიზეზებზე

ალპური სასტუმრო AltiHut-ის გუნდი ახალი სამთო-სამაშველო ქოხის პროექტზე მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპანია „ალტიტუდას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ალავიძე წერს.
„თავდაპირველად ბიუროკრატიულმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა დაგეგმილი მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში, რამაც პროექტის 1 წლით გადადება გამოიწვია. ამას დაემატა ქვეყნის ახალი რეალობა და ამ პროცესით გამოწვეული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საჯარო “თავგადასავალი” (რაც ჩემს ეგოს არაფერს, თუმცა ქვეყნის აღქმას სამწუხაროდ მნიშვნელოვნად აზიანებს)… პროექტის მიმდინარეობის შეჩერების გადამწყვეტი ფაქტორი პროექტიდან საერთაშორისო პარტნიორების გასვლის მიზეზი გახდა“, – დაწერა ნიკოლოზ ალავიძემ.
ინფორმაციისთვის: სამაშველო ქოხის პროექტის შესახებ ნიკოლოზ ალავიძე 2023 წელს, გადაცემა „წერტილში“ ჰყვებოდა, რომ ქოხი შვეიცარიაში უნდა დამზადებულიყო და საქართველოში ტრანსპორტირების შემდეგ, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე ვერტმფრენის საშუალებით დაამონტაჟებდნენ. პროექტში „ალტიჰატის“ გუნდის პარტნიორი შვეიცარიული კომპანია ბალი (BALLY) იყო, კომპანიის გარემოზე ზრუნვის ფონდის – „ბალი პიკ აუთლუქ ფაუნდეიშენის” სახით.
“„ალტიჰათი 3014“ არის რევოლუციური, ინოვაციური და თამამი ნაბიჯებით შექმნილი უნიკალური პროექტი, რომლის მიზანი არის მდგრადი და ინოვაციური განვითარების მოდელით, ახალი ბინზეს ეკო-სისტემის შექმნა და ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი და მდგრადი ბიზნეს ტრადიციების დანერგვის ხელშეწყობა, რაც გარემოზე ზრუნვასა და ეთიკურ საქმიანობას ეფუძნება. ამ ხედვის ბუნებრივი და ევოლუციური გაგრძელებაა, „ბალის სამთო-სამაშველო ქოხის“ პროექტი, რომელიც ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე უნდა განხორციელებულიყო “Bally Peak Outlook Foundation”-თან პარტნიორობით.
გასული სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროექტის განსახორციელებლად და კერძო ინვესტიციებით მოსამზადებელი სამუშაოები იქნა დაწყებული, რაზეც აქტიური და საჯარო კომუნიკაცია გვქონდა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს, ჩვენზე დამოუკიდებელი კომპლექსური მიზეზების გამო, იძულებული ვარ, გამოვაცხადო პროექტის შეჩერება. თავდაპირველად ბიუროკრატიულმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა დაგეგმილი მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში, რამაც პროექტის 1 წლით გადადება გამოიწვია.
ამას დაემატა ქვეყანის ახალი რეალობა და ამ პროცესით გამოწვეული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საჯარო “თავგადასავალი” (რაც ჩემს ეგოს არაფერს, თუმცა ქვეყნის აღქმას სამწუხაროდ მნიშვნელოვნად აზიანებს);
ეს უკანასკნელი, საბოლოოდ პროექტის მიმდინარეობის შეჩერების გადამწყვეტი ფაქტორი და პროექტიდან საერთაშორისო პარტნიორების გასვლის მიზეზი გახდა.
ამ პირობებში, სამთო-სამაშველო ქოხის პროექტი, ჩვენ მიერ აღარ განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ თავისი არსით, ეს არის გავლენაზე დაფუძნებული ინვესტიცია და მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივა.
შესაბამისად, მზად ვარ დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და მასალები უსასყიდლოდ გავუზიარო ნებისმიერ პასუხისმგებლიან კომპანიას ან ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესდება და შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი საქმის განხორციელებას მომავალში.
არსებული გამოწვევების ფონზე, „ალტიჰათი 3014“ კვლავ აგრძელებს განვითარებას იმავე ენთუზიაზმით, სულისკვეთებითა და მიზანდასახულობით, რაც პროექტის დასაწყისიდან გვქონდა.
ჩვენი ქვეყნისა და პლანეტისთვის ზრუნვა საერთო საქმეა და მხოლოდ ერთობით შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა. მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი! ძალა ერთობაშია და ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია! გელოდებით ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე „ალტიჰათში“ ყველა თავისუფალ, ბუნების, ლიტერატურის და მუსიკის მოყვარულ ადამიანს“, – წერს ნიკოლოზ ალავიძე facebook-ის პირად გვერდზე.