ALTHAUS ბრენდის ქვეშ მოექცა შავი ჩაი, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს მწვანე და თეთრ ჩაიზეც – ნათია ნადირაშვილი

ქართული ჩაი ევროპული ბრენდ ALTHAUS-ის ქვეშ მოექცა, – ამის შესახებ ჩაის მასტერების საერთაშორისო ასოციაციის (ITMA) წევრმა და ALTHAUS-ის ბრენდის ელჩმა საქართველოში ნათია ნადირაშვილმა bm.ge-ზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ამ პროცესისთვის 4-წლიანი სამუშაოები დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში კი როგორც ნიადაგმა, ისე პროდუქციის ფესვმა, ღერომ და ფოთოლმა უამრავი ლაბორატორიული კვლევა და ტესტირება გაიარა.
„პირველად გაჩნდა შეგრძნება რაღაც უდიდესი წარმატების და მიღწეული შედეგის. მოლაპარაკებების რეჟიმი მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში, თუმცა პროცესი გაცილებით ადრე, 10 წლის წინ დაიწყო. პირველად როდესაც ჩამოვიდნენ და ჩვენი პროდუქცია შევთავაზეთ, გვითხრეს, რომ სამუშაო არის ძალიან დიდი და ეს ასე მარტივად ვერ მოხდებოდა, შესაბამისად გააზრებულად ჩავერთეთ ამ პროცესში.
2024 წლიდან იცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ გაყიდით არა ბიო პროდუქციას, თუმცა ჩვენ იმისთვის გაცილებით ადრე დავიწყეთ ნიადაგის მომზადება. დღეს ეს მიღწეულია, პროდუქტი 100%-ით ბიო და უვნებელია.
ზოგადად ჩვენი ჩაი განვითარების კარგ ეტაპზეა, თუმცა ეს კონკრეტული ჩაი მთელს ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილზე იმერეთში მოდის. ეს არ ეხება დიდ ოდენობას, ეს არ არის სამარკეტო პროდუქტი. ის გაიყიდება ALTHAUS-ის ბრენდის მაღაზიებში და კაფეებში თუმცა ვმუშაობთ რომ გაიზარდოს მოცულობა.
ბრენდიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოგვიდგა, სპეციალურად ქართული ჩაისთვის გააკეთა ჩვენზე მორგებული ბრენდირება, გამოსახა ქართული ფლორის დეტალები და მინიმალისტურად გორაზე ეკლესია. მათ დისტრიბუცია აქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქ გაიყიდება ქართული ჩაიც. ეს არა მხოლოდ ქართული ჩაის პოპულარობისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც მნიშვნელოვანია. ALTHAUS მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, მისი ტექნოლოგია კი პრაქტიკულად უნაკლოდ ითვლება. თავიანთი პროდუქციის ALTHAUS-ის ბრენდის ქვეშ მოქცევას მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, თუმცა ბრენდი უდიდესი სიფრთხილით არჩევს მომწოდებლებს.
პირველ ეტაზე ბრენდის ქვეშ მოექცა შავი ჩაი, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს მწვანე და თეთრ ჩაიზეც. მათ აქვთ მცენარეული ნაყენებიც და ჩვენ გვინდა, რომ ქართული „უკვდავა“ დაიბრენდოს ALTHAUS-ის ბრენდის ქვეშ,“ – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ნათია ნადირაშვილმა.
წყარო: bm.ge