Alphabet-ის წლიურმა შემოსავალმა $400 მილიარდს პირველად გადააჭარბა

Google-ის მფლობელმა Alphabet-მა გუშინ გასული წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები წარმოადგინა. ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის დამსახურებით, Alphabet-მა ანალიტიკოსების პროგნოზს აჯობა და ისტორიაში პირველად $400 მილიარდის წლიური შემოსავლის მიღება შეძლო.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში Alphabet-მა $113.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 17%-ით აღემატება. ამავე პერიოდში კომპანიამ ერთ აქციაზე $2.82-ის შემოსავალი დააფიქსირა, რაც 2024-ის მეოთხე კვარტლის მონაცემებზე 31%-ით მეტია.
Alphabet-მა გასულ წელს მთლიანობაში $402.8 მილიარდის შემოსავალი, ერთ აქციაზე კი $10.81 მიიღო. Wall Street-ის ანალიტკოსების პროგნოზი Alphabet-ის წლიური შემოსავლისთვის $400.2 მილიარდს წარმოადგენდა.
გასული წელი ზრდის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული გამოდგა Google-ის სერვისებისა და Google Cloud-ისათვის. ამ უკანასკნელის გაყიდვებისაგან მიღებული შემოსავალი 48%-ით, $17.7 მილიარდამდე გაიზარდა. Google-ის სერვისებისგან მიღებული შემოსავალი კი 14%-ით, $95.8 მილიარდამდე გაიზარდა.
კომპანიის განცხადებით, 2026 ფისკალურ წელს კაპიტალის ხარჯების $175-$185 მილიარდამდე ზრდას მოელიან, რაც -პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდით აიხსნება. ცნობისთვის, აღნიშნულმა ხარჯებმა გასულ წელს $105.7 მილიარდი შეადგინა.
ბოლო ექვსი თვის განმვლობაში Alphabet-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 70%-ით გაიზარდა. შედეგად, ის მეოთხე კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $4 ტრილიონს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ გუშინწინ Alphabet-ისა და Amazon-ის მიერ მხარდაჭერილმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა საკუთარი -მოდელის, Claude-ის განახლება გამოუშვა, რომელიც იურიდიული, კლიენტთა მომსახურებისა და ფინანსური ანალიზის ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ამ სიახლის შედეგად კი მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციათა ფასები მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”