Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე – Alibaba.com კომპანიების განთავსება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოხდება.
პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით – ერთგვარი ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ Alibaba.com-ზე განთავსება ქართულ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.
მათივე ცნობით, პლატფორმაზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ელექტრონულ პლატფორმაზე წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება/შერჩევა მოხდა. მეორე ეტაპზე კი, Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება.




