,,Air Arabia Abu Dhabi-ს მიერ კვირაში 8 სიხშირით ოპერირება საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მზარდი ტურისტული მოთხოვნა” – ლევან მოსეშვილი
Air Arabia Abu Dhabi-მ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეები გაზარდა. აგვისტოს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აბუ-დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ შესრულდება, ხუთშაბათობით ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სამომავლოდ, Air Arabia Abu Dhabi თბილისის მიმართულებით სიხშირეების კვირაში 10-მდე ზრდას განიხილავს.
,,ავიაკომპანიის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელს მეტი არჩევანი შესთავაზოს და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა პირდაპირ და ხელმისაწვდომ მგზავრობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და ჩვენს დედაქალაქს შორის.
გალფის ქვეყნები ჩვენი მიზნობრივი და მნიშვნელოვანი ბაზარია. შესაბამისად, ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-ს მიერ კვირაში 8 სიხშირით ოპერირება საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მზარდი ტურისტული მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ტურისტული ნაკადები საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო მზარდი გახდება 2026 წლიდან, მას შემდეგ რაც, ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways დაიწყებს თბილისსა და აბუ-დაბის შორის ოპერირებას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია აბუ-დაბი-თბილისის-აბუ-დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
