Air Arabia Abu Dhabi თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეებს ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, აგვისტოს თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით აბუ-დაბიდან ფრენები კვირაში 8-ჯერ უკვე სრულდება. ხუთშაბათობით კი ავიაკომპანია დღეში ორჯერ იფრენს. სამომავლოდ, სიხშირეების გაზრდა კვირაში 10 ფრენამდე იგეგმება. ავიაკომპანია ასევე ზრდის ფრენების რაოდენობას აზერბაიჯანის მიმართულებითაც.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მგზავრების მეტი კომფორტის უზრუნველყოფასა და მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქსა და საქართველოს შორის.
„ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის ზრდა ჩვენი მიზნის გამოხატულებაა, გავაძლიეროთ რეგიონული ქსელი და შევქმნათ მეტი კომფორტი მგზავრებისთვის. ეს ორი ქალაქი რჩება პოპულარულ მიმართულებად როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. განახლებული განრიგები კიდევ უფრო გაამყარებს ტურიზმსა და მოგზაურობას შორის კავშირებს და მგზავრობის პროცესს უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის“, – აცხადებს Air Arabia ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ადელ ალ ალი.
Air Arabia ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოში 10 წელზე მეტია ოპერირებს. ის ფრენებს შარჟა-თბილისი-შარჟას მიმართულებით ასრულებს. 2021 წლიდან კი, საქართველოში ოპერირებას ახორციელებს მისი შვილობილი კომპანია Air Arabia Abu Dhabi, რომელიც უშუალო საჰაერო კავშირს ქმნის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქებს შორის.
2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ავიაკომპანიამ აბუ-დაბი-თბილისის-აბუ-დაბის მიმართულებით 50 ათასამდე მგზავრს უმასპინძლა.
მოგახსენებთ, რომ პარალელურად ბაზრის დინამიკის, ოპერაციული გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, Wizz Air-ის გადაწყვეტილებით, Wizz Air Abu Dhabi 2025 წლის 1 სექტემბრიდან ყველა რეისის ოპერაციებს წყვეტს.