რამდენიმე დღის წინ Humane-ის AI Pin-ზე რომ მოგიყევით, ხომ გახსოვთ? ახლა მთელი ეს აჟიოტაჟი სარეკლამო ვიდეომ თავისკენ გადაწონა, როცა მოწყობილობის ხელოვნურმა ინტელექტმა თანადამფუძნებლის იმრან ჩაუდრის კითხვებს სწორად ვერ უპასუხა. თუმცა კომპანია პირობას დებს, რომ სიტუაციას ახალი ვიდეოთი გამოასწორებს, ოღონდ ჯერ არ ვიცით, ეს როდის მოხდება…
ერთბაშად იმდენ რამეს გვპირდებოდა, რომ არც შეცდომები აპატიეს — ვიდეოში არასწორად პასუხობს, რომ მზის დაბნელება 2024 წლის აპრილში ავსტრალიიდან გამოჩნდება, როცა რეალურად ამას ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთი ნაწილიდან დაინახავენ. ხოლო, როცა ნუშში ცილის შემცველობა ჰკითხეს, AI Pin-მა არასწორად მიუთითა 15 გრამი, რაც, სავარაუდოდ, ნახევარი ჭიქა ნუში უნდა იყოს და არა ის ოდენობა, რაც ჩაუდრის უჭირავს ხელში — USDA-ს მიხედვით, მხოლოდ 0.25 გრამ ცილას შეიცავს.
როგორ გაეპარათ ეს შეცდომები, ცალკე საკითხია და ამაზე ასე პირდაპირ არავინ საუბრობს, თუმცა Humane-მა უკვე აღიარა თავისი „დანაშაული“ და ეს წინასწარი გაშვების ხარვეზებს მიაწერა. მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სემ შეფერმა ისაუბრა კიდეც ამ საკითხებზე და მისინფორმაციების უკან არსებული კონკრეტული მიზეზებიც განიხილა… მოკლედ რომ ვთქვათ, ეცადა, პოტენციური მომხმარებლები დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი მოგვარებულია.
სწორედ ამიტომ, კომპანია სარეკლამო ვიდეოს განახლებას გეგმავს. მეტიც, აღნიშნავს, რომ გაჟღერებული მცდარი ინფორმაციები ოფიციალური გამოშვებისას მოწყობილობაზე არ აისახება, ამ საკითხებს მოაგვარებენ და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზეც იზრუნებენ.
აქვე, შეგახსენებთ, რომ AI Pin 2024 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს, ფასი კი 699 დოლარი იქნება…