IDC-ისა და Lenovo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში EMEA რეგიონში, რომელიც ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას მოიცავს, სხვა რეგიონებთან შედარებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროექტებით კმაყოფილების დონე ყველაზე მაღალია, რაც ინვესტიციების ზრდას უწყობს ხელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ განვითარებას ჯერ კიდევ აფერხებს სხვადასხვა სახის გამოწვევები, როგორებიცაა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, მონაცემთა ცუდი ხარისხი თუ მასშტაბირების სირთულეები.
ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პროექტების 94%-მა, რომლებიც ბოლო 12 თვეშია განხორციელებული, ან დააკმაყოფილა ან გადააჭარბა ინვესტორების მოლოდინს. ეს გვიჩვენებს, რომ EMEA რეგიონში კომპანიები ოპტიმისტურად უყურებენ AI-ს შესაძლებლობებს, ხოლო ხელმძღვანელთა 55% დადებითად აფასებს ამ ტექნოლოგიის პოტენციალს. ამასთანავე, ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე მოდის, რადგან კომპანიები სწორედ მისი პროდუქტიულობის ზრდით არიან დაინტერესებულები. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში, სწორედ გენერაციული AI გახდება ინვესტორების მთავარი ინტერესის სფერო. ამ მიმართულებით დაფინანსება, სავარაუდოდ, 12%-დან 44%-ამდე, დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება, რაც იმ AI პლატფორმებისადმი ინტერესის შემცირებას გამოიწვევს, რომლებიც ანალიტიკასა და პროგნოზირებაზე არიან კონცენტრირებულნი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყველაზე პოპულარულ საინვესტიციო მიმართულებას სწორედ ჩაშენებული AI აპლიკაციები წარმოადგენდა, ხოლო 2025 წელს, მოსალოდნელია, რომ ფოკუსი უფრო მეტად AI მოდელების შექმნასა და მართვაზე გადაინაცვლებს.
გარდა ამისა, EMEA რეგიონში იზრდება ინტერესი AI-სთან დაკავშირებული პროფესიული მომსახურებების მიმართ: გამოკითხულთა 27% გეგმავს მათი გამოყენების გაზრდას, ხოლო დანარჩენი 72% ან კვლავ იკვლევს ან უკვე გეგმავს მსგავსი ინსტრუმენტების დანერგვას.
გენერაციულ AI-ში ინვესტიციების ზრდა გასულ წელს განხორციელებული საპილოტე პროექტების წარმატებას უკავშირდება, რაც აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვების გამოსწორებასთან ერთად, კომპანიები უკეთ ხედავენ AI-ს პრაქტიკულ შედეგებს და უფრო თავდაჯერებულად ნერგავენ მას.
თუმცა, მზარდი ინტერესის მიუხედავად, EMEA რეგიონში ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის ასათვისებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა საჭირო. იმ შემთხვევებში, როცა AI პროექტები მოლოდინებს ვერ ამართლებენ, წარუმატებლობის მთავარ მიზეზებად მასშტაბირების სირთულეები (30%) და მონაცემთა ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება (29%).
AI-ს წარმატებული დანერგვის მთავარი ფაქტორები
ხელოვნური ინტელექტის წარმატებული დანერგვისთვის და არსებული გამოწვევების დასაძლევად, კომპანიები ოთხ ერთნაირად მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას. ესენია: მონაცემთა დამოუკიდებლობა და რეგულაციებთან შესაბამისობა (32%), არსებულ სისტემებთან და პროცესებთან ინტეგრაციის სიმარტივე (32%), თანამშრომელთა გადამზადება და უნარების განვითარება (31%) და მაღალი ხარისხის მონაცემების ხელმისაწვდომობა (31%).
ჰიბრიდული ინფრასტრუქტურა: AI დანერგვის საყრდენი
EMEA რეგიონში ორგანიზაციების 65% ხელოვნური ინტელექტისთვის ჰიბრიდულ ან შიდა ინფრასტრუქტურას იყენებს, ხოლო 18% — საჯარო ღრუბელს. გარდა ამისა, რეგიონში კომპანიების 10%-მა უკვე ფართოდ დაიწყო AI კომპიუტერების გამოყენება, 25% ამჟამად ტესტირების ეტაპზეა, ხოლო 64% უახლოეს მომავალში გეგმავს ან აფასებს მათი ინტეგრაციის შესაძლებლობას AI შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
წყარო: marketer.ge




