Amnesty International-ის განცხადებით, 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ტარდება.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს ფართომასშტაბიანი რეპრესიული კამპანიის შემთხვევებს, რომელიც მოიცავს ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას შემზღუდავი კანონებისა და სადამსჯელო ზომების გამოყენებით და ასევე მომიტინგეების მასობრივ თვითნებურ დაკავებასა და არასათანადო მოპყრობას.
„როდესაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში სხედან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავდასხმის ობიექტები არიან, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ატარებს იმ პირობებში, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები ითელება.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებათა კუთხით აღებული ვალდებულებები და შეწყვიტოს პოლიციის საშუალებით ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და მომიტინგეების წამება ან მათდამი სხვა სახის არასათანადო მოპყრობა. ამგვარმა დარღვევებმა ქვეყანა ადამიანის უფლებების მხრივ ღრმა კრიზისში შეიყვანა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.
