AFP: დუროვს საფრანგეთში დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს

საფრანგეთში სასამართლომ Telegram-ის დამფუძნებელს პაველ დუროვს 48 საათით გაუხანგრძლივა დაკავების ვადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება, გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტო წერს, რომ საფრანგეთის კანონმდებლობით დაკავების მაქსიმალური დრო შეიძლება 96 საათი იყოს, რის შემდეგაც მოსამართლეს ან მისი გათავისუფლება მოუწევს, ან დუროვის მიმართ ბრალის წაყენება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილთა დაკავების შემთხვევებში (ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორიზმი) პატიმრობა შეიძლება გაგრძელდეს 120 ან 144 საათამდე.
იმის შესახებ, რომ Telegram-ის დამფუძნებლისთვის პატიმრობის ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო სააგენტო Bloomberg წერდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობით, პატიმრობის ვადის გახანგრძლივება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.
საფრანგეთის ხელისუფლებას პაველ დუროვის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია, განცხადება მხოლოდ Telegram-ის გუნდმა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის დირექტორს დასამალი არაფერი აქვს, რომ ის ხშირად მოგზაურობს ევროპაში და Telegram-ი კი იცავს ევროკავშირის კანონებს. მათ შორის ციფრული მომსახურების სფეროში.
“აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმას, ან მის მფლობელს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე” – წერია 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ Telegram-ით მსოფლიოს გარშემო სარგებლობს მილიარდამდე ადამიანი, და მას იყენებენ როგორც ურთიერთობის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების წყაროს.
საფრანგეთის მედიამ 24 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ პაველ დუროვი დააკავეს საფრანგეთში, ლე-ბურჟეს აეროპორტში. იგი დაკითხეს და გუშაგთა კონტროლის ქვეშ დატოვეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბიზნესმენი ჩაფრინდა აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით. საფრანგეთის ხელისუფლებას ამ საქმეზე ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებია.
ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი 25 აგვისტოს, დღისით იუწყებოდა, რომ პარიზის პროკურატურა პრესისთვის განცხადებას გააკეთებს ორშაბათს, 26 აგვისტოს. სააგენტო საკუთრივ პროკურატურის ინფორმაციას ეყრდნობოდა.
France-Presse წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაველ დუროვი სასამართლოს წინაშე ახლო მომავალში წარდგება. სააგენტოს ინფორმაციით, დაპატიმრების ორდერი გასცა საფრანგეთის უწყებამ, რომელიც ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს (OFMIN), და ორდერი გაცემულია წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიემართება შესაძლო დარღვევებს, მათ შორის თაღლითობას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, კიბერ სივრცეში გავრცელებულ მუქარას, ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორიზმის პროპაგანდას. დუროვს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან არ გაატარა ზომები მისი პლატფორმის ბოროტმოქმედთა მხრიდან გამოყენების წინააღმდეგ. “საკმარისია Telegram-ის დაუსჯელობა”– France-Presse წერს, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ გამომძიებელს, რომელიც გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ დუროვი პარიზში ჩაფრინდა, როცა იცოდა, რომ მას ეძებდნენ.
ტელეარხ TF1-ს წყაროებმა აცნობეს, რომ საფრანგეთის სამართალდამცველების ეჭვით დუროვი – როგორც მესინჯერის შემქმნელი – ხელს უწყობდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და თაღლითობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ გაგზავნა ნოტა პაველ დუროვთან დაშვების მოთხოვნით, თუმცა პარიზი დუროვის საფრანგეთის მოქალაქეობას მიიჩნევს ძირითად ფაქტორად.
რუსული წარმომავლობის მქონე დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. ბოლო წლებში ის ძირითადად ცხოვრობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც Telegram-ის ოფისია განთავსებული. რუსეთი დუროვმა დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა.
დუროვის დაკავების შესახებ ინფორმაციამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის სხვადასხვა რეაქცია და უთანხმოება გამოიწვია. გამოცემა Agentstvo აღნიშნავს, რომ რუსეთის პროპაგანდამ მილიარდერის დაპატიმრება ფაქტობრივად თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. დუროვის დაპატიმრებას კრიტიკულად გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი – ისინი საფრანგეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ადანაშაულებენ ცენზურაში, “ორმაგი სტანდარტების” ქონაში, ასევე რუსოფობიაში.
რუსეთში – განსაკუთრებით ბევრი უცხოური სოციალური ქსელის დაბლოკვის პირობებში – Telegram-მა შეიძინა განსაკუთრებული პოპულარობა, მისით აქტიურად სარგებლობენ როგორც სახელმწიფო და კრემლის მომხრე ძალები, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ბლოგერები.
თავად დუროვი თავს ლიბერტარიანელად მიიჩნევს, ის აცხადებდა, რომ Telegram-ი უნდა დარჩენილიყო თავისუფალ სივრცედ, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ყველა სახელმწიფოსგან. დუროვი – რომელიც, “ფორბსის” შეფასებით 15.5 მილიარდ დოლარს ფლობს – უარყოფდა ეჭვებს მისი კავშირების შესახებ რუსეთის, ან რომელიმე სხვა სპეცსამსახურებთან. ამავდროულად, Telegram-ი აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე მისი მესინჯერი მზად იქნება წაშალოს კანონსაწინააღმდეგო შინაარსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ