AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა

AD Ports Group-ი Tbilisi Dry Port-ის წილის შესყიდვის პროცედურის დასრულებაზე აცხადებს, შედეგად, კომპანიის ცნობით ის 60%-იანი წილის მფლობელი გახდა.
უმსხვილესი არაბული კორპორაციის მონაცემებით, ინტერმოდალური ლოგისტიკური ჰაბი ექსპლუატაციაში 2024 წლის ოქტომბერში გაეშვება. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო გაძლიერდება ჯგუფის როლი „შუა დერეფნით“ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში.
აღსანიშნავია, რომ “თბილისის მშრალი პორტი” ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. პროექტი ითვალისწინებს, პირდაპირ სარკინიგზო კავშირს თურქეთისა და საქართველოს პორტებთან, ასევე ის დაუკავშირდება ევროპის შავი ზღვის პორტებს ბულგარეთში და რუმინეთში.
AD Ports Group-ის ინფორმაციით, პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. საწყის ეტაპზე გამტარუნარიანობა 96,5 ათას TEU-ს მიაღწევს, სასაწყობე ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ბოლო მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, მშრალი პორტის გამტარუნარიანობა 286 ათასი TEU იქნება, ლოგისტიკური ცენტრი კი, ჯამში 100 ათასი კვადრატულ მეტრს მიაღწევს.
საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “თბილისი დრაი პორტის” 75% ფლობს “თბილისი დრაი პორტ ინვესტმენტი”, 25% “ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას” ეკუთვნის. თავის მხრივ, “თბილისი დრაი პორტ ინვესტმენტში” 80% აბუ დაბის საპორტო კომპანიის მფლობელობაშია, 20% “ინვეკოს”.