Accor-ი თბილისში კიდევ ერთ სასტუმროს Ibis Tbilisi Ortachala-ს სექტემბრის ბოლომდე გახსნის – ვის ეკუთვნის ტერიტორია?

საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება.
ორთაჭალაში, გულუას ქუჩა ნომერ 22-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მფლობელი „არქი ჰოთელსია“, რომელიც სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, ხოლო მმართველი კომპანია „არქის“ ჰოლდინგში შემავალი HPM-ია.
პროექტის მიხედვით, მიწის ფართობი 703 კვ.მ-ია, სასტუმრო 17 მიწისზედა სართულისგან და 157 ნომრისგან შედგება.
„კომპლექსში დაპროექტებულია რესტორანი, ოფისები, სასწავლო აუდიტორიები და სხვა სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სათავსები“, – ნათქვამია პროექტის აღწერაში.
Accor -ი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. საქართველოში კომპანიის მმართველობის ქვეშაა რამდენიმე სასტუმრო, მათ შორის, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers, ibis-ის სასტუმროებს, Mercure Tbilisi Old Town.
რაც შეეხება „არქი ჰოთელსს“, კომპანიის 66%-ის მფლობელი შპს „არქი ინვესთმენთს“-ია, ხოლო 34%-ს „გოლდენ პალასი“ ფლობს (რომლის 100% შპს „არქი ინვესთმენთს“ ეკუთვნის). შპს „არქი ინვესთმენთს“-ის მეწილეები კი არიან: ივლიანე წულაია, მენი (მენაჰემ) ბენიში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ზფ კაპიტალი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ოუდიეს კაპიტალ.