ABC News-ის ინფორმაციით, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით (AI) გაძლიერებული ჩინური სატელიტური სურათები შესაძლოა, ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და მისი მოკავშირეების ძალების მიზანში ამოღებაში ეხმარებოდეს.
ABC წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) შეფასებით, ჩინური კომპანია MizarVision-ის მიერ გამოყენებული AI ინსტრუმენტი რეგიონში აშშ-ს ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
აღნიშნული ტექნოლოგია რეგიონის მასშტაბით სამხედრო ბაზებისა და სხვა სახის ოპერაციების იდენტიფიცირებითა და მონიშვნით არის დაკავებული.
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსის, რაიან ფედასიუკის თქმით, AI-ს მეშვეობით გაუმჯობესებული სატელიტური სურათები, რომლებსაც MizarVision ქმნის, შესაძლოა, ირანულ ძალებს აშშ-ს სამხედროებსა და ბაზებზე რეალურ დროში დარტყმების მიტანაში დაეხმაროს.
ABC-ს ცნობით, MizarVision პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა სახის სამხედრო შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის იყენებს, მათ შორის, კონკრეტული ტიპის თვითმფრინავების ამოსაცნობად, სამხედრო-საზღვაო გემების ადგილსამყოფლის დასადგენად და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების საპოვნელად.