„საქართველოში ერთი ფერმერი – 10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 50-ჯერ ნაკლები ღირებულების პროდუქციას აწარმოებს, ვიდრე ფერმერი განვითარებულ ქვეყნებში“, – ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის პუბილაციაში „საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება“ არის აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მძიმე მემკვიდრეობამ და მკვეთრი რეფორმების არარსებობამ სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი ზრდის ტემპი განაპირობა. შედეგად, დღეს სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ყველაზე არაეფექტიან სექტორად რჩება. 2010- 2022 წლებში მშპ-ში აგრარული სექტორის რეალური გამოშვება, რეალურ მაჩვენებლებში, საშუალოდ, 2.7%-ით იზრდებოდა, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი მკვეთრად – არა, მაგრამ მაინც შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.
სოფლის მეურნეობის სექტორის ნომინალური და ფარდობითი (მშპ-სთან) მაჩვენებელი (მლნ ლარი, %)
„ამასთან, აგრარული სექტორის 7%-იანი წილი, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ნიშნულია. მაგალითად, ისრაელში ეს მაჩვენებელი 1.3%- ია, აშშ-ში – 1%, ესტონეთში – 2%, ირლანდიაში – 1%. არაეფექტიანობის მასშტაბი ნათლად გამოჩნდება, თუ აგროდასაქმების მაჩვენებლებს შევხედავთ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში კონცენტრირებულია დასაქმებულთა 40%, ირლანდიაში – 4.5%, ესტონეთში – 2.7%, აშშ-ში – 1.7% და ისრაელში – 0.9%.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ერთი ფერმერი – 10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 50-ჯერ ნაკლები ღირებულების პროდუქციას აწარმოებს, ვიდრე ფერმერი განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ, Our World in Data-ს მიხედვით, რომელიც მონაცემებს 2015 წლის ფასებში გვთავაზობს, 2019 წელს საქართველოში ერთი ფერმერი, საშუალოდ, ისრაელელ ფერმერზე – 54-ჯერ, ამერიკელზე – 53-ჯერ, ირლანდიელზე – 18-ჯერ, ხოლო ესტონელზე 15-ჯერ არაეფექტიანი იყო.
მსგავსი სურათი იკვეთება არა მხოლოდ აშშ-სთან, ესტონეთთან ან ირლანდიასთან მიმართებით, არამედ მთელი ევროპის კონტინენტის ქვეყნებთან შედარებითაც“, – ნათქვამია კვლევაში.