კრემლმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ ჯერ არ შეუსწავლია “ჰუმან რაით ვოჩის” (Human Rights Watch) ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში. თუმცა, მან იქვე დაადანაშაულა უკრაინული ძალები და თქვა, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი იქ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში.
”ჩვენ ჯერ არ გვქონდა დრო, რომ შეგვესწავლა ეს (ანგარიში) და არ ვიცით, რამდენად სანდოდ შეიძლება ჩაითვალოს ეს ინფორმაცია”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე. ”მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ნეო-ნაცისტების ხელში, რომლებიც მარიუპოლის დაცვას ცდილობდნენ. ისინი იყენებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს“, – თქვა მან.
პესკოვს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, მინიმუმ 8000 ადამიანი დაიღუპა ბრძოლების ან ომთან დაკავშირებული მიზეზების გამო მარიუპოლისთვის ბრძოლის ერთი თვის განმავლობაში.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის ორწლიანი ომის მიმდინარეობისას.
კიევი მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობით მკვლელობაში, ბრალს მოსკოვს დებს. ამ ეტაპზე უცნობია იქ დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ზუსტი რიცხვი.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ კვლევაში ნათქვამია, რომ ქალაქ მარიუპოლისთვის აქტიური ბრძოლები თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ პერიოდში ქალაქში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა წყლის, ელექტოენერგიის, თუ საკვების გარეშე იყო დარჩენილი.