2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 5 126 460 დოლარის ღირებულების 1 718.63 ტონა ყვავილების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107.95%-ით მეტია.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ვითარებაა ქართული სასათბურე მეურნეობების მხრივ და რამდენად ახერხებენ ქართველი ფერმერები ბაზრის დაკმაყოფილებას. დეტალების გასარკვევად, „კომერსანტი“ ცოცხალი ყვავილების რეალიზატორებს დაუკავშირდა, მათ შორის „Lovely Roses-ს“.
„ყვავილების ქართული სასათბურე მეურნეობები ადგილობრივ ბაზარს ვერ აკმაყოფილებს. ბევრმა ფერმერმა გააუქმა სასათბურე მეურნეობა იმის გამო, რომ თვითღირებულება ძვირი გამოდიოდა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული სახეობის ყვავილის სასათბურე მეურნეობა. მაგ: ტიტის. ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ტიტების სეზონი სანამ დაიწყება სტაბილურად, იქამდე აქვს ამ ადამიანს ეს სათბური და არაჩვეულებრივად ვთანამშრომლობთ…. მე მირჩევნია, არსებობის შემთხვევაში, ქართველ ფერმერთან ვითანამშრომლო და მისი ყვავილების რეალიზება მოვახდინო, ვიდრე ჰოლანდიიდან ჩამოვიტანო. ამ კონკრეტულის შემთხვევაში, ხარისხიც ძალიან კარგია, ვინაიდან იგივე ბოლქვები აქვს დარგული, რაც ჰოლანდიიდან მოდის.