100 ტრლნ დოლარით მეტი – მომდევნო ათი წელი მსოფლიო ვალის ათწლეული იქნება

მომდევნო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ვალის ხანგრძლივი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნისთვის ფატალური აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საკონსულტაციო კომპანია Laffer Tengler Investments-ის პრეზიდენტმა, არტურ ლაფერმა CNBC-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ეკონომისტის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში მსოფლიო ვალის მოცულობამ რეკორდულ დონეს, 307,4 ტრლნ დოლარს მიაღწია, ხოლო 2013 წლიდან ის 100 ტრლნ დოლარით გაიზარდა.
„მომდევნო ათი წელი ვალის ათწლეული იქნება, როცა ის მთელ მსოფლიოში პიკს მიაღწევს. ეს კარგად არ დასრულდება,”- პროგნოზირებს ლაფერი.

ამჟამად მსოფლიო ვალი გლობალური მშპ-ის 336%-მდე არის გაზრდილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მის შესამცირებლად, დაახლოებით, 100 ქვეყანას ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სოციალური ხარჯების შემცირება მოუწევს.
არტურ ლაფერის პროგნოზით, ის სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებენ, სარგებელს უცხოეთიდან მუშახელისა და ინვესტიციების მიზიდვით მიიღებენ, ხოლო ნაკლებად იღბლიანი ქვეყნები შემოსავალსაც დაკარგავენ და მუშახელსაც. მისი თქმით, ზოგიერთი განვითარებადი ეკონომიკა შესაძლოა, გაკოტრდეს, ხოლო ზოგიერთი მსხვილი ქვეყანა, რომელიც ვალის საკითხს ვერ მოაგვარებს, „ნელი ფინანსური სიკვდილის“ წინაშე აღმოჩნდება.
2023 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ვალის ზრდაში 80%-ზე მეტი განვითარებული ბაზრების წილია, როგორიც არის , დიდი ბრიტანეთი, იაპონია და საფრანგეთი. განვითარებად ბაზრებს შორის ყველაზე შესამჩნევი ზრდა ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში დაფიქსირდა.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად ორი ძირითადი გზა არსებობს: გადასახადების გაზრდა ან ეკონომიკის იმაზე სწრაფად ზრდა, ვიდრე ვალის დაგროვების ტემპია,“ – ამბობს ლაფერი.