“გვარამია რომელი ახალი სახეა? თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადრო – ყველაფერი გააკეთა” – კალაძე

თბილისის მერმა მ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა, ასე უპასუხა:
„მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ მოიხსენიებდა მას? გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც ისეთი რამეები იკადრა, ისეთებს გვაბრალებდა, პირადად მე, ჩემს ოჯახს; გვახსოვს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო, რას კადრულობდა ეს ადამიანი? ყველა, ვინც დღეს წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ადამიანები. დღეს შეიძლება მათ თავიანთმა პატრონებმა უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გაფუჭებული პარტიაა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან დამძიმებულია თავისი წარსულით, იმ ბოროტებით, რომელიც მან ჩაიდინა მართვის დროს. ამ ყველაფერს პარტია თავისით ხომ არ აკეთებდა, ესენი იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ. ცხადია, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იმ ბოროტებას ჩადიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს უნდათ, ეს ადამიანები წარმოაჩინონ ახალ სახეებად. შეიძლება დაარქვან „ლელო“, „გახარიები“, „დროა“, აგერ „ახალი“ დაურქმევიათ… მცდელობა არის ერთი: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია. ვინ არიან სინამდვილეში ეს ადამიანები? ისევ ისინი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა სახით. ეს არის სამწუხარო რეალობა“

ასევე დაგაინტერესებთ