დაბადების დღე, როგორც ვიცი, 10 თებერვალს გაქვთ, ამიტომ აუცილებლად კარგ წამმზომს გაჩუქებთ, რომ დროც შესაბამისად სწორად აღრიცხოთ, რადგან ეს ტყუილია, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით ხაჯიშვილის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს სერვისის მისაღებად 3-4 საათის გატარება უწევთ.
ბრეგაძემ აღნიშნულს ტყუილი უწოდა და ამასთან, დასძინა, რომ 2024 წელს, ბათუმში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება.
„ბატონო დავით, როგორც ჩანს, თქვენ არ უსმენდით ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც იუსტიციის სახლებზე ვისაუბრე. თქვენ ბრძანეთ, 3-დან 4-საათამდე უწევს ადამიანს ბათუმის იუსტიციის სახლში ლოდინიო. გაოცებული ვარ პირდაპირ, რომელი საათის სარტყელში იმყოფებით თქვენ, ასევე, რა წამმზომი გაქვთ ასეთი. დაბადების დღე, როგორც ვიცი, 10 თებერვალს გაქვთ, ამიტომ აუცილებლად კარგ წამმზომს გაჩუქებთ, რომ დროც შესაბამისად სწორად აღრიცხოთ ხოლმე, რადგან ეს ტყუილია. აუცილებლად გაჩუქებთ, მახსოვს, დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ და კარგ წამმზომს პირადად გამოგიგზავნით. ეს ტყუილია და არ უნდა ილაპარაკოთ ასეთი რამე, მითუმეტეს, პარლამენტის წევრმა. იმის შესახებაც ვისაუბრე, რომ მოლოდინის დრო თბილისის იუსტიციის სახლში 18 წუთი იყო, რაც 2-წუთამდე შემცირდა, ასევე, ბათუმშიც, ისევე როგორც ყველგან, მოლოდინის დროით კმაყოფილი არც ჩვენ ვართ, მაგრამ 3-4 საათი გაასმაგებულია რეალობასთან მიმართებით, ამიტომ კარგი იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ ხოლმე.
2024 წელს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მეორე ფილიალი გაიხსნება, რადგან მოთხოვნა მზარდია და ჩვენც გვინდა, ამ მოთხოვნას დროულად ვუპასუხოთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.