“პუტინმა თავი გააიგივა ჰიტლერთან, მეც მაგიტომ დავიწყე ომიო, ისტორიულად ეს ამბავიც ტყუილია” – გიორგი კობერიძე

წუხელ ვინც პუტინის ინტერვიუს არ უსმინეთ ისტორიაზე ილაპარაკა. როგორც სჩვევია – ტყუილი. საინტერესო ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში ჰიტლერი გაამართლა ღიად და პოლონეთი დაადანაშაულა. აღნიშნა, რომ პოლონელებმა აიძულეს ჰიტლერი დაეწყო მეორე მსოფლიო ომი, რადგან არ ითანამშრომლეს ჰიტლერთანო. საკუთარი თავი გააიგივა ჰიტლერთან – ჩემთანაც რომ არ ითანამშრომლეს მაგიტომ დავიწყე ომიო. ჯერ მსგავსი შედარება უკვე ნებისმიერი პოლიტიკოსის არამდგრადობაზე მიუთითებს, მაგრამ ისტორიულად ეს ამბავიც ტყუილია, რადგან 1934 წელს გერმანია და პოლონეთი საზღვრებზეც შეთანხმდა და თავდაუსხმელობაზეც, მაგრამ ჰიტლერი საბჭოეთთან ერთად, 1939 წელს მაინც დაესხა თავს პოლონეთს.
ისე, პუტინის მხრიდან ისტორიაზე საუბრით ევროპელებსა და ამერიკელებს კი ღიმილი ედებათ, რადგან ისტორია თანამედროვე საზღვრების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი რომ გახდეს ყველა ქვეყანა მოითხოვს თავისი წილი ისტორიის გადაწერასა და საზღვრების დგენას.
პუტინმა ბევრი ისაუბრა მე-17 საუკუნეზე. რატომღაც არ უხსენებია, რომ 1610-12 წლებში მოსკოვი პოლონეთისა და ლიეტუვას ხელში იყო, ისევე როგორც სმოლენსკი, მინსკი და სხვა რუსულ-ბელარუსული ქალაქები. მაშინ მოდი ამ საზღვრების დადგენა ხომ არ მოითხოვონ ვარშავასა და ვილნიუსში?! ამ შემთხვევაში, უფრო ძველი ლოგიკით, წარმომიდგენია მონღოლები რას მოითხოვდნენ. ხოლო შვედები უკვე ხუმრობენ პუტინზე, რადგან ვიკინგებისათვის მორჩილების გამოცხადებითა და მმართველად მათი მოწვევით იწყებთ ს ისტორიას ბარემ ახლაც იმავეს ხომ არ ფიქრობთო.
დაბოლოს, საქართველოშიც, ისტორიის უცოდინარ რუსეთის სამსახურში მდგომებს უყვართ ხოლმე მოგონილი ისტორიების საუბარი თუ როგორ “დაგვიბრუნა” რუსეთმა ტერიტორიები. რატომღაც ავიწყდებათ, რომ იმპერიები ტერიტორიებს კი არ უბრუნებენ ვინმეს, არამედ იპყრობენ თავიანთთვის, შემდეგ კი როგორც რუსეთი მოიქცა იქ რუსიფიკაციას იწყებს და ამ პროცესში მოსახლეობას ყრის ხოლმე. ასე მოიქცა რუსეთი საქართველოს მოსახლეობას სამცხეში, აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში. ილია ჭავჭავაძე დადიოდა კინტრიშის მაზრაში (აჭარა) და მუსლიმ ქართველებს ევედრებოდა არ წახვიდეთ რუსეთის პროვოცირებულ გადასახლებაშიო. ჰო და არც ის მინდა გამომრჩეს, რომ სანამ რუსეთი რამის “დაბრუნებას” დაიწყება, მანამდე პირველი რაც მან გააკეთა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გააქრო, ჯერ ქართლ-კახეთი, შემდეგ იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და ბოლო კი , რომლის რუსიფიკაციასაც დიდი დრო დაუთმო. ბოლო ქართველი (იმერელი) მეფე სოლომონ მეორე ბრძოლით დაღლილი ტრაპიზონში გახიზნეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მას 1990 წლამდე საქართველოში დაკრძალვის უფლებაც კი ჰქონდა. ამის შემდეგ კი რუსეთმა საყვარელ საქმიანობას მიმართა, დაყავი და იბატონეს – საქართველოს მოსახლეობა მხარეების მიხედვით ეთნოსებად დაჰყო. მოსახლეობას აიძულებდნენ იმერელს არა ქართველად, არამედ იმერელად ჩაეწერა თავი, მეგრელს მეგრელად, აჭარელს აჭარლად და ასე. მხოლოდ ქართლელსა და კახელს შეეძლო თავი ქართველად დაეწერა. ბოლოს კი დაყოფილი ერის რუსიფიკაცია დაიწყო.
რამდენიმე წლის წინ იმავე პუტინმა ამ ნაყალბევი ისტორიის მოშველიებით ისიც თქვა რომ 1801 წელს ქართლ-კახეთის ანექსია რომ მოხდა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონი უკვე რუსეთის შემადგენლობაში იყოო თავისივე სურვილითო.
ასე რომ ისტორიის ცოდნა აუცილებელია, რათა მოგონილი ისტორიისაგან თავის დაღწევა შეძლო. მაგრამ ისიც აუცილებელია ვთქვათ, რომ ისტორიით და მით უფრო მოგონილი ისტორიით საზღვრების დადგენის მოთხოვნა საერთაშორისო პოლიტიკაში აუცილებლად დიდი ომების გამომწვევი გახდება. ამიტომაცაა დასავლეთისათვის და ჩვენთვის პუტინის ისტორიული წიაღსვლები ერთდროულად ღიმილისმომგვრელიც და საშიშიც.

ასევე დაგაინტერესებთ