რობერტ ჰურმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმის პროკურორი იყო, უარი თქვა დაეწყოთ სამართლებრივი დევნა ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ, თუმცა ანგარიშში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი “ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს” და დაამატა, რომ ბაიდენი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის “მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით”.
პროკურორის ანგარიშში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, მაშინ, როცა ის ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არ იკავებდა თანამდებობას, განზრახ შეინახა და გაავრცელა გასაიდუმლოებული მასალები.
“ჩვენმა გამოძიებამ მოიპოვა სამხილები, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა განზრახ შეინარჩუნა და გაავრცელა საიდუმლო მასალები მისი ვიცეპრეზიდენტობის შემდეგ, როცა ის უბრალო მოქალაქე იყო”. – ნათქვამია ანგარიშში.
თუმცა, როგორც სპეციალური პროკურორის ანგარიშშია ხაზგასმული, სამხილები “არ ადგენს ბატონი ბაიდენის ბრალეულობას გონივრული ეჭვის მიღმა”.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიაღწიეს და იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
ჰურის ანგარიშში ბაიდენის მეხსიერებასთან დაკავშირებით ეწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა. მის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის მეხსიერება “მნიშვნელოვნად შეზღუდულია”, რის საფუძვლადაც 2023 წელსპროკურორის მიერ მასთან ჩატარებული ინტერვიუებია დასახელებული. ბაიდენის ასაკი და მსგავსი დახასიათება ნაფიც მსაჯულებს, საფუძვლიან ეჭვს მიღმა, კიდევ უფრო გაურთულებდა დარწმუნება, რომ ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტები განზრახ გაასაჯაროვა.
“ჩვენ ასევე ჩავთვალეთ, რომ სასამართლო პროცესზე ბატონი ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა წინაშე სავარაუდოდ წარსდგებოდა ისე, როგორც ეს ჩვენი ინტერვიუს დროს გააკეთა, როგორც კეთილგანწყობილი, მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით. მასთან ჩვენი უშუალო ურთიერთობისა და დაკვირვების საფუძველზე, ის არის პირი, ვისთვისაც ბევრ ნაფიც მსაჯულს ენდომება გონივრული ეჭვის დადგენა. რთული იქნება ნაფიც მსაჯულთა დარწმუნება, რომ ის დაადანაშაულონ, ამ დროისთვის ყოფილი პრეზიდენტი მის ოთხმოციან წლებში, იმ მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც განზრახვის არსებობის ფსიქიკურ მდგომარეობას მოითხოვს”. – წერია ანგარიშში.
ჰურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მეხსიერება ინტერვიუების დროს იყო უარესი, ვიდრე 2017 წლის საუბრების დროს.
“მას არ ახსოვდა, როდის იყო ვიცეპრეზიდენტი, ინტერვიუს პირველივე დღეზე დაავიწყდა, როდის დასრულდა მისი ვადა (“2013 იყო თუ სწორად მახსოვს? როდის დავასრულე ვიცეპრეზიდენტობა”) და ინტერვიუს მეორე დღეზე არ ახსოვდა, როდის დაიწყო მისი ვადა (“2009 წელს კვლავ ვიცეპრეზიდენტი ვიყავი?”. – წერია ანგარიშში და მოყვანილი აშშ-ს პრეზიდენტის ციტატები.
ამას გარდა, როგორც ანგარიშში იყო აღნიშნული, ჯო ბაიდენს არ ახსოვდა საკუთარი შვილის გარდაცვალების დრო.
ბაიდენის მომხრეებმა პრეზიდენტის მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გაამართლეს ფაქტით, რომ მისი დაკითხვა ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მოვლენების პარალელურად ხდებოდა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ინტერვიუების დროს “საერთაშორისო კრიზისის მოგვარებაზე” ზრუნავდა.
პროკურორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მასთან საქმის დაწყების პირველივე დღიდან თანამშრომლობდა. ამას გარდა, ნათქვამი იყო, რომ “ცხადი” განსხვავება იყო ამ საქმესა და იმ ბრალდებას შორის, რომელიც ასევე საიდუმლო მასალების შენახვასთან დაკავშირებით ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ემუქრება. მთავარ სხვაობად მოყვანილია მაგალითი, რომ, როდესაც ტრამპს მოსთხოვეს გასაიდუმლოებული დოკუმენტების დაბრუნება, მან, ცნობების მიხედვით, უარი თქვა, ხოლო ბაიდენმა საიდუმლო მასალები ეროვნულ არქივსა და იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა და თანამშრომლობდა პროკურორთან.
ცნობა, რომ ბაიდენის სახლში იმყოფებოდა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, პირველად 2023 წლის იანვარში გავრცელდა. სწორედ ამ დროს დაიწყო შესაბამისი გამოძიებაც.