ირაკლი კობახიძე – რაც ყველამ შენიშნა, იყო განსხვავებული ტონი ოპოზიციის მხრიდან – მადლობას გადავუხდი ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ – გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედებ

მთავრობის მეთაურობა არის სერიოზული გამოწვევა, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო
თანამდებობის დაკავება – გააზრებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტში დასკვნით სიტყვაში განაცხადა.
მ 2-დღიანი მოსმენის შეჯამებისას მადლობა გადაუხადა ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს.
როგორც მან განაცხადა, საჭიროა უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა და უფრო მაღალი ხარისხის დისკუსია საქართველოს პარლამენტში.
„შევაჯამებ იმ დისკუსიას, რომელიც დღეს გაიმართა საქართველოს პარლამენტში. ერთი რამ, რაც ყველამ შენიშნა იყო განსხვავებული ტონი და ტონალობა ოპოზიციის მხრიდან. სამწუხარო არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, შინაარსი დარჩა უცვლელი.
იყო საქმიანი ნაწილიც და მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას, დასვეს საქმიანი კითხვები, საქმიანად ჩაერთნენ დისკუსიაში, თუმცა იყო არასაქმიანი ნაწილიც. ტრადიციულად აქ გამოირჩნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ ყველაფრით ტრადიციულად გამოირჩევიან ხოლმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ , თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები, ეს იყო „ლელო“ და აქ იყვნენ გიორგი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო დღემდე ვერ გავიგე. ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში.
ჩვენ გვჭირდება უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა. თქვენ ხედავდით, რომ ვცდილობდი ყველაფერთან დაკავშირებით მეთქვა სიმართლე. არ შეიძლება ცალმხრივად ვისაუბროთ საკითხებზე, როდესაც საუბარი გვაქვს ქვეყანასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ბოლომდე უნდა ვთქვათ სიმართლე. ეს არის ის თუ სად ვიყავით , სად ვართ დღეს და რა არის ჩვენი მიზნები. როდესაც საუბარია სიღარიბეზე, ფაქტები არის ნათელი. გვქონდა მძიმე მემკვიდრეობა.
როდესაც საუბარია ბიუჯეტზე, ქვეყნის ბიუჯეტი იყო 8.5 მილიარდი ლარი და გახდა 29 მილიარდი. ესეც არის ფაქტები. ეს ფაქტები არის სამსჯელო, განსახილველი. ჩვენ არ გავურბივართ იმაზე საუბარს, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, ეს არის სიღარიბე, ოკუპაცია, გვჭირდება მეტი ბიუჯეტი, მეტი დასაქმება. ამაზე ჩვენ საქმიანად უნდა ვისაუბროთ და ეს იქნებოდა მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, თუმცა საბოლო ჯამში, რადიკალურმა ნაწილმა სისუსტე გამოავლინა. როდესაც ფაქტებს გაურბიხარ ეს არის სისუსტის გამოვლინება. არსებობს ცნობილი გამონათქვამი: „თუ ფაქტები ეწინააღმდეგება ჩემს თეორიას, მით უარესი ფაქტებისთვის“. ეს პირდაპირ შეესატყვისება ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომას. თუ ფაქტები ეწინააღმდეგება კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეებს, მით უარესი ფაქტებისთვის. სინამდვილეში მით უარესი მათთვის, თუ ისინი გაექცევიან ფაქტებს ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დაიკლებს მათი რეიტინგი. მე ვისურვებდი მაღალ პოლიტიკურ კულტურას და უფრო მაღალი ხარისხის დისკუსიას საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის უმთავრესი ამოცანა იქნება პოლიტიკური წარმატების მიღწევა, რაც გულისხმობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
„მთავრობის მეთაურობა არის სერიოზული გამოწვევა, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო თანამდებობის დაკავება. გააზრებული მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის პოლიტიკური წარმატების მიღწევა. ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. ეს უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ