არმაზ ახვლედიანი – არის შანსი, კარს მომდგარ არჩევნებს საქართველო ნორმალურად შეხვდეს – მცირე იმედით შევცქერი ხვალინდელ დღეს, უახლოესი რამდენიმე დღე აჩვენებს, არის თუ არა ცვლილება რაიმე სასიკეთოს მომტანი

ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტის, ს წინადადებას, რომ შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ახლა მხარეების პასუხისმგებლობაა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ვიწროპარტიულ ინტერესებზე და წყენაზე მაღლა დადგომა.
„ძალიან მომწონს ეს ინიციატივა, უფრო მეტიც, როდესაც პრეზიდენტმა შარშან წამოიწყო კამპანია სტატუსის მიღების თაობაზე, ვთქვი, რომ ამის პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს მცდელობა, რომ 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტი შეძლებისდაგვარად გამაერთიანებელი პლატფორმის შემქმნელი სახელმწიფო ფიგურა იყოს. ახლა ამის მცდელობაა მისი მხრიდან. 9 პუნქტი, ევროპული პერსპექტივა, ყველაფერი ეს ხომ საბოლოოდ პირდაპირ არის გადაჯაჭვული 2024 წლის არჩევნებთან, ანუ საქართველოს, დემოკრატიულ, სამართლებრივ მომავალთან. მომწონს და სრულად მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. ახლა მთავარია, ინიციატივა ყველა მხარემ მიიღოს. მხარეების პასუხისმგებლობაა, რომ გავიაზროთ, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა დავდგეთ სხვადასხვა ვიწროპარტიულ ინტერესებზე და წყენაზე მაღლა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთან, მან პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასა და განმარტა, რომ არის შანსი, ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს.
„ყოველთვის, როცა ასეთი მასშტაბის ცვლილებაა, არის შანსი, რომ ცვლილება იყოს სასიკეთო. ეს შანსი არის არც თქვენს, არც ჩემს ხელში, არამედ მის ხელში, ვინც ცვლილება განახორციელა და ვინც ამ ცვლილების მთავარი გმირია. ვგულისხმობ, განმახორციელებელს, ბატონ ივანიშვილს და მთავარ გმირს, ამ შემთხვევაში, ბატონ ს. არის მხოლოდ და მხოლოდ შანსი, რომ ახლა მაინც იყოს იმის მცდელობა, კარს მომდგარ არჩევნებს საქართველო ნორმალურად შეხვდეს. ეს ნიშნავს, რომ შეიქმნას ნორმალური წინასაარჩევნო გარემო. ეს არის სამართლიანი, კონკურენტული გარემო, რომლის შედეგადაც ჩატარებულ არჩევნებს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ყველა პოლიტიკური სპექტრი, ყველა პარტნიორი ლეგიტიმურად მიიჩნევს. დღეს და წინა დღეებში საუბარი იყო ცალკე სფეროებზე, გეგმებზე, შეცდომებზე, პრობლემებზე, წარმატებებზე, მაგრამ მითქვამს და გავიმეორებ, ყველაფერს წყალი წაიღებს და ყველაფერი წყლის ნაყვას დაემსგავსება, თუ ვერ შესრულდა საქართველოსთვის უმთავრესი რამ, ეს არის 2024 წლის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. მე ამ პრიზმაში ვაფასებ ამ სამთავრობო ცვლილებას, ამ მცირე იმედით შევცქერი ხვალინდელ დღეს და სხვათა შორის, უახლოესი რამდენიმე დღე აჩვენებს, არის თუ არა ივანიშვილის ეს ცვლილება რამე სასიკეთოს მომტანი“,-განაცხადა ახვლედიანმა.
მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის პასუხები და ოდნავ შერბილებული ტონალობა არის ოდნავ დამაიმედებელი, თუმცა, საბოლოოდ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ყველაფერს საქმე განსაზღვრავს.
„საბოლოოდ, მხოლოდ საქმემ უნდა დაადასტუროს ასეა ეს თუ არა. ეს შედეგი გამოჩნდება არა 26 ოქტომბერს ან წინა დღეს, არამედ უახლოეს 2-3 კვირაში. ახლა გამოჩნდება, ის ხელის გადაგრეხით ეცდება არჩევნებში გამარჯვებას თუ ცვლილებას შეიტანს“,-განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებისა, არის თემები, სადაც პარტიებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. როგორც არმაზ ახვლედიანი განმარტავს, საქართველო ვერასდროს შეეგუება იმას, რომ იყოს მაჩანჩალა, არადემოკრატიული, ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო.
„ვფიქრობ, რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამას მმართველი ძალა, მით უკეთესი იქნება მისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება გამოსავალი სახელმწიფოსთვის“,-განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ