“ახალგაზრდობა – სავსეა სიცოცხლით, ენერგიით, ინტერესით, სიყვარულით და ძალიან მჯერა ახალგაზრდების!” – რამაზ გიგაური

ძველი თაობა ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამს „მისი კუთვნილი ტახტის“ რყევას, მაგრამ ამაოა მისი შფოთვა. ძველგაზრდობას ყოველთვის ახალგაზრდობა მარხავს. ასეთია ბუნების კანონი. დიახ, შვილმა უნდა დამარხოს მამა (თუ ის „ვარლამ არავიძე“ არ არის, ცხადია)! ძველი თაობა ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული წუწუნებს, რომ ახალი თაობა „ძველებს“ არ უსმენს, პატივს არ სცემენ ტრადიციებს და ყველაფრის თავისებურად გაკეთებას ცდილობენ. ჩვენი „ძველგაზრდებიც“ ახალგაზრდებს წარსულის დავიწყებაში ადანაშაულებენ და ავიწყდებათ, რომ თვითონ სულაც 33 წლის წინ ურთიერთსიძულვილისგან ავსებულებმა სამოქალაქო ომი გააჩაღეს. მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ბატონებო და ქალბატონებო! ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მითუმეტეს, ახალგაზრდებს. მაშინ, როდესაც ბევრ სატელევიზიო არხზე პირდაპირი ქადაგება მიდის ჩვენი უპირველესი მტრის, რუსეთთან დაახლოვების, მასთან „ჩახუტების“, საკუთარ მომავალზე უარის თქმის და ისევ რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნის შესახებ, ეს ყველაფერი თქვენს ფაქიზ სმენას რატომ არ აღიზიანებს? ამაზე პროტესტს რატომ არ გამოხატავთ? ვიღაც მიზანმიმართულად გვაძულებს ერთმანეთს. ვიღაც ცდილობს ჩვენი ენერგია სისულელეებში დაიხარჯოს, რათა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი კითხვები არ დავსვათ. მაგალითად, ხელისუფლებას რატომ არ ვუსვამთ კითხვებს, რომელიც თორმეტი წელია ქვეყნის სათავეშია და ურთიერთსიძულვილის გაღვივების, რუსეთში შეთრევის მცდელობის და საკუთარი ჯიბეების ავსების გარდა არაფერი გაუკეთებია. ერთი ბეწო ქვეყნის პლუტოკრატი ხელისუფლება, რომელიც ჭამს თავის ქვეყანას და ხალხს. ასე რომ, ამ ქვეყანაში გაცილებით, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ჩვენგან მუდმივ ყურადღებას ითხოვენ. ახალგაზრდობა – სავსეა სიცოცხლით, ენერგიით, ინტერესით, სიყვარულით და მე პირადად, ძალიან მჯერა ახალგაზრდების!

ასევე დაგაინტერესებთ