სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, იკვლევენ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი იმისთვის, რომ აცილებულიყო თავიდან უბედური შემთხვევა და სტიქია.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ძირითადად, ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა და სტიქია” – ამბობს ლევან იოსელიანი.
ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპული 9 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვლის ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება “რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან”.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ხულოში ჩამოწვა ზვავი და განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.